ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას გეგმავს, თუმცა ფრთხილობს

საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსულ კომპანია “გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო მიყიდვის შესახებ, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის საგანი ხდება. მსგავსი სიტუაცია იყო შექმნილი ორიოდე წლის წინაც, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ “გაზპრომთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება დადო. მაშინ, ქართულ ენერგოსექტორში რუსული კომპანიის დამკვიდრება, რომლის აქციებსაც კრემლი ფლობს, არა მარტო საქართველოს უსაფრთხოების, არამედ აშშ–ის მხარდაჭერით მიმდინარე შაჰ–დენიზის გაზსადენის პროექტის საფრთხედაც აღიქმებოდა.


მაგისტრალური გაზსადენის რუსული კომპანიისთვის მიყიდვის შესახებ ცნობები ბოლო დროს პერიოდულად ჩნდებოდა ქართულ მედიაში. ამას ხელს უწყობდა საქართველოში “გაზპრომის“ წარმომადგენელთა ვიზიტები. ბოლო ასეთი ვიზიტი იანვარში შედგა, თუმცა მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ იდგა.


ამ თემის გარშემო დისკუსიის ახალი ენერგიით დაწყებას ხელი შეუწყო 20 თებერვალს იტალიური გაზეთისთვის, “ლა სტამპა”-სთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ “ამჟამად “გაზპრომთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაზსადენის მიყიდვის შესახებ”.


“საქართველო გაზს ისედაც რუსეთიდან იღებს. სხვა დეტალებზე საუბარს ამჟამად არ ვისურვებდი”, დასძინა სააკაშვილმა.


ამას მოჰყვა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მიერ 22 თებერვალს გაკეთებული განცხადება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების გადაწყვეტილება გაიყიდოს მაგისტრალური გაზსადენი.


“რა პრობლემა იქნება, თუ რუსეთიდან შემოსულ გაზის გამტარ მილში გადაგვიხდიან ფულს და შემგომ [რუსები] მოუვლიან ამ მილს, რას ცვლის ეს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში?” განუცხადა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტებს. 


თუმცა, კახა ბენდუქიძემ აქვე მიანიშნა, რომ პრივატიზაციაში მონაწილეობის მიღება “გაზპრომის“ გარდა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ, კონკრეტულად კი მან შაჰ–დენიზის, ანუ ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენის მშენებარე კონსორციუმი იგულისხმა, რომელსაც British Petroleum (BP) უდგას სათავეში.


“სიტუაცია, როცა შაჰ-დენიზის პროექტი [მაგისტრალური] გაზსადენის მიმართ ამდენად მგრძნობიარეა, ნიშნავს იმას, რომ გაზსადენს შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ ორი [პოტენციური] მყიდველი: ერთი იქნება შაჰ-დენიზის კონსორციუმი და მეორე მყიდველი შეიძლება იყოს “გაზპრომი”; თუ ერთ-ერთ მათგანს სურს, რომ მეორეს აჯობოს უნდა გაირჯეს, მოვიდეს და აწარმოოოს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან,” განაცხადა ბენდუქიძემ 22 თებერვალს.


თუმცა კომპანია BP, რომელიც  სამხრეთ კავკასიის გაზსადენისა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობებს ხელმძღვანელობს, შესაძლო პრივატიზებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. “ჩვენ, ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებთ და არ ვაპირებთ რაიმეს შესყიდვას”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ BP-ის თბილისის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თამილა ჩანტლაძემ.


ის, რომ შაჰ–დენიზის პროექტი და მისი პოლიტიკური მხარდამჭერი-ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან (სულ ცოტა იყვნენ მაინც) რუსული კომპანიის ქართულ ენერგობაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივისადმი, ორი წლის წინადელი გამოცდილებაც მეტყველებს.


2003 წლის 5–6 ივნისს თბილისს აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კასპიის ენერგოსაკითხებში სტივენ მანი ესტუმრა. ეს ვიზიტი შედგა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და “გაზპრომ”-ის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.


ვიზიტისას სტივენ მანმა პირდაპირ განაცხადა, რომ გაზპრომთან გაფორმებულ შეთანხმებას შესაძლოა შაჰდენიზის პროექტის განხორციელების შეფერხება მოჰყვეს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ რისკზე არ წავიდოდა. მაგრამ საქართველოსა და “გაზპრომს“ შორის  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 25-წლიან შეთანხმებას 1 ივლისს ხელი მაინც მოეწერა.


თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინანდელი მოვლენები დღეს უკვე აღარ განმეორებულა. აშშ–ის ოფიციალური წარმომადგენლები არა თუ თბილისში არ ჩამოსულან, არამედ განცხადებაც არ გაუკეთებიათ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად პირდაპირ თქვა, რომ მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა “გაზპრომისთვის“ სურს.


სხვათა შორის, ორი წლის წინ “გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება არავის გაუუქმებია და კვლავაც ძალაშია.  ამ ხელშეკრულებით “გაზპრომმა“ თბილისის გაზით მომარაგების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. ამას გარდა, უნდა განხორციელდეს როგორც საქართველოს შიდა გაზსადენების, ასევე ორი სატრანზიტო გაზსადენის რეაბილიტაცია. ერთი სატრანზიტო გაზსადენის მეშვეობით შესაძლებელია რუსული გაზის თურქეთისთვის, ხოლო მეორეს მეშვეობით – სომხეთისთვის მიწოდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ “გაზპრომის“ ინტერესს ნაკლებად წარმოადგენს საქართველოს გაზსადენის შიდა ქსელი. რუსული კომპანიის მთავარი სამიზნე სატრანზიტო მილებია.


მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებისთვის ხელისუფლებას კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, შესაბამისად პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროება. კერძოდ, 1997 წელს მიღებული კანონი “სახელმწიფო  ქონების პრივატიზების შესახებ“ პირდაპირ კრძალავს ქვეყნისთვის “სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების“ გასხვისებას. ამ “სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში“ შედის მაგისტრალური გაზსადენიც.


პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური ჯგუფები უკვე აცხადებენ, რომ კატეგორიულად შეეწინააღმდეგებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაზსადენების გაყიდვის თაობაზე.


“ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეისყიდის მაგისტრალურ გაზსადენს, რუსული კომპანია თუ სხვა, აქ საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს ეხება, ამ მაგისტრალის გამოყენება ჩვენც შეგვიძლია, რუსეთისგან დამოუკიდებლად…. ჩვენ არ დავუშვებთ გაზის მაგისტრალის გასხვისებას. ეს დიდი შეცდომა იქნება,“ განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში “რესპუბლიკელების“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.


22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა გაზის მაგისტრალური მილსადენის გასხვისება. “ამ ობიექტის რუსეთისთვის გადაცემა საბოლოოდ გაანადგურებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომლის გარანტიც შაჰ–დენიზის გაზსადენი უნდა გახდეს”, განაცხადა მან.


მაგრამ მთავრობა პარლამენტში უმრავლესობას აკონტროლებს და შესაბამისად, არ უნდა გაუჭირდეს კანომდებლობაში ცვლილებების შეტანა. 


თუმცა აქვე საყურადღებოა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ერთი განცხადება, რომელიც მან 31 იანვარს, გაზეთ “რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, “გაზსადენის პრივატიზების და მითუმეტეს რუსეთისათვის მიყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ”, აცხადებდა ნინო ბურჯანაძე.


აღსანიშნავია, რომ პროდასავლური ორიენტაციის ხელისუფლების განზრახვა მიყიდოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიას, ექსპერტთა ერთ ნაწილს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ამ ნაბიჯის საპასუხოდ თბილისი მოსკოვის მხრიდან გარკვეულ დათმობებს ელის ისეთ საკითხებში როგორიც შეიძლება იყოს კონფლიქტების მოგვარება, ან სამხედრო ბაზები.


“არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ქონდეს გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებას, თუმცა კონკრეტულად რა სახის შეიძლება იყოს ეს გარიგება ძალზედ რთული სათქმელია”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში რეზო საყევარიშვილმა.


დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა მეტად სარისკო გადაწყვეტილება იქნება. “აქ მარტო ენერგეტიკულ უსაფრთხეობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ზოგადად ქვეყნის ინტერესებზე. რუსეთი ამით დიდ ბერკეტებს იგდებს ხელთ და როცა მას მოესურვება მაშინ გამოიყენებს, რისი გამოცდილებაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია – გაზის გადაკეტვა იქნება, თუ ელექტოენერგიის მოწოდების შეწყვეტა“, აცხადებს რევაზ საყევარიშვილი.


საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ განუცხადა “სივილ ჯორჯიას“, რომ გაზსადენის გაყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულება “გაზპრომთან“ სიფრთხილით უნდა იქნას შედგენილი. “საქართველოს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს მკაფიოდ დაცული. თუ საჭიროა უცხოელი ექსპერტებიც უნდა მოიწვიონ”, დასძინა მან.


აშკარაა, რომ ხელისუფლება ფრთხილობს. 23 თებერვალს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მთავრობა გაზსადენის პრივატიზების საკითხის განხილვას “უახლოეს მომავალში“ არ აპირებს. მთავრობის სიფრთხილე გასაგებია: ერთის მხრივ, მაგისტრალური გაზსადენის რუსებისთვის მიყიდვას მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ მიესალმება; მეორეს მხრივ კი ამ გადაწვეტილების მიღება დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, რადგან რთული სათქმელია რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ინტერესებზე .

Exit mobile version