სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა იზრდება

დღეს საქართველოს პარლამენტმა 131 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებათა პროექტს, რომელიც 12-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს. თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული ამ კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. 


კანონპროექტის მოთხოვნები გავრცელდება წვევამდელებზე და მათზეც, ვინც ამჟამად სამხედრო კათედრას გადის უმაღლეს სასწავლებლებში და ძალაში იქნება 2008 წლამდე.


“2008 წლისთვის ჩვენი ჯარი მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე გადავა”, განუცხადა 23 თებერვალს დეპუტატებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით კირკიტაძემ.


მისი თქმით, სამხედრო სამსახურის ვადის გაზრდა, რომელიც ამჟამად 1 წლით განისაზღვრება, იმით არის განპირობებული, რომ ერთწლიანი წრთვნის შემდეგ “ჯარისკაცმა მიღებული ცოდნა მომდევნო 6 თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაიღრმაოს”.


გასული წლის ოქტომბერში პარლამენტის მიერ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვიანი ვადა 12 თვემდე შემცირდა.


“5 თვეში კი ამ გადაწყვეტილების რევიზია ხდება, რაც ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს”, განაცხადეს 23 თებერვალს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

Exit mobile version