ახალციხის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის დაპატიმრება პროტესტს აძლიერებს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ყოფილი რექტორის მერაბ ბერიძის დაპატიმრებამ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეშფოთება და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლასთან დაკავშირებით დებატები გამოიწვია.
 
მერაბ ბერიძე 16 თებერვალს დააპატიმრეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მოგვიანებით, მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მისმა დაპატიმრებამ სტუდენტების პროტესტი გამოიწვია, რომელთა განცხადებითაც, ბერიძე უდანაშაულოა. ბერიძის დაპატიმრების შემდეგ ახალციხის უნივესტიტეტში სწავლა შეწყდა.

22 თებერვალს საქართველოს პარლამენტში “კონსერვატორთა” ჯგუფის ინიციატივით დაიწყო ბერიძის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება. 
 
პროკურატურის განცხადებით, ბერიძემ უკანონოდ გახსნა სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში და მიითვისა სტუდენტების მიერ გადარიცხული თანხები, რომლებიც სამხედრო კათედრის გახნისთვის იყო საჭირო.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ყოფილ რექტორს, აცხადებს, რომ არ არსებობს ამ ბრალდებების მტკიცებულებები. ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, ბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის როინ მეტრეველის ბრძანებას ასრულებდა, როდესაც 2002 წელს სამხედრო კათედრა გახსნა.
 
“ჩვენ არც ისეთი არაკომპეტენტური მოსამართლეები გვყავს, რომ ასეთ ყალბ საქმეზე ასეთი არაობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ მოსამართლემ, რაც უბრძანეს, ის გააკეთა“, განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა 21 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
 
მისი თქმით, ამ საქმეში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა გარეული, რომელმაც პირდაპირ “უბრძანა“ მოსამართლეს ბერიძისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა ამ პირის ვინაობა.
 
ასევე გაურკვეველია, თუ რატომ არის დაინტერესებული ეს მაღალი რანგის მოხელე მერაბ ბერიძის დაპატიმრებაში.
 
ამავდროულად, ახალციხეში სტუდენთა მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. 18 თებერვალს პოლიციამ რამდენიმე სტუდენტი დააკავა, თუმცა მოგვიანებით მას შემდეგ  გაათავისუფლა, რაც საქმეში საქართველოს ომბუდსმენი სოზარ სუბარი ჩაერია. მან გააკრიტიკა სამართალდამცავები სტუდენტების დაკავების გამო  და აღნიშნა, რომ სტუდენტები “თავიანთ პოზიციას გამოხატავდნენ“.
 
გაზეთი “რეზონანსი“ 22 თებერვალს იტყობინება , რომ მერაბ ბერიძის დაპატიმრება 21 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წამყვან დეპუტატებს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო. 


ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ხელოვნურად შეთხზული საქმის გამო. გასულ აგვისტოს, გორის ადგილობრივი გაზეთის “სახალხო გაზეთის“ რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი დააპატიმრეს ნარკოტიკების უკანონო შენახვისა და გაყიდვის ბრალდებით. მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
 
დაპატიმრების ფაქტმა ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების პროტესტი გამოიწვია, რომელთაც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ადგილობრივ სახელწმიფო მოხელეებს რედაქტორის წინააღმდეგ საქმის გაყალბებაში დასდეს ბრალი. ერთ-ერთ სტატიაში “სახალხო გაზეთი“ რეგიონის ადმინისტრაციას სამხრეთ ოსეთის გავლით უკანონო ვაჭრობასა და კონტრაბანდაში მონაწილეობაში ამხელდა.
 
გაზეთის რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველი გავლენიანი ორგანიზაციების პროტესტის შედეგად მალევე გაათავისუფლეს.
  


 

Exit mobile version