იტალიურ გაზეთ “ლა სტამპა“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომთან“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით.
“ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დეტალებზე საუბრისაგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ“, განაცხადა სააკაშვილმა კითხვაზე – აპირებს თუ არა საქართველო რუსეთს მაგისტრალური გაზსადენი მიჰყიდოს.
“გაზპრომი“ არ მალავს, რომ კომპანია დაინტერესებულია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით. საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი იმ გაზსადენსაც შეიცავს, რომლის მეშვეობითაც გაზი საქართველოს რეგიონებს მიეწოდებათ, ასევე გაზსადენსაც, რომლითაც ხდება გაზის ტრანსპორტირება რუსეთიდან სომხეთში. დამკვირვებელთა თქმით, “გაზპრომი“ ძირითადად სატრანზიტო გაზსადენის ხელში ჩაგდებითაა დაინტერესებული.
“გაზპრომის“ წარმომადგენლები იანვრის ბოლოს ესტუმრნენ საქართველოს: თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობამ მაშინ განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხი არ ყოფილა დღის წესრიგში.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას.