ახალციხის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის დაპატიმრება პროტესტს აძლიერებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ყოფილი რექტორის მერაბ ბერიძის დაპატიმრებამ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია და  წარმოშვა დებატები აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლასთან დაკავშირებით.


22 თებერვალს საქართველოს პარლამენტში “კონსერვატორთა” ჯგუფის ინიციატივით დაიწყო ბერიძის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება.

მერაბ ბერიძე 16 თებერვალს დააპატიმრეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მოგვიანებით, მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მისმა დაპატიმრებამ სტუდენტების პროტესტი გამოიწვია, რომელთა განცხადებითაც ბერიძე უდანაშაულოა. ბერიძის დაპატიმრების შემდეგ ახალციხის უნივესტიტეტში სწავლა შეწყდა.


პროკურატურის განცხადებით, ბერიძემ უკანონოდ გახსნა სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში და მიითვისა სტუდენტების მიერ გადარიცხული თანხები, რომლებიც სამხედრო კათედრის გახნისთვის იყო საჭირო.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ყოფილ რექტორს, აცხადებს, რომ არ არსებობს ამ ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები. ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის როინ მეტრეველის ბრძანებას ასრულებდა, როდესაც 2002 წელს სამხედრო კათედრა გახსნა.


“ჩვენ არც ისეთი არაკომპეტენტური მოსამართლეები გვყავს, რომ ასეთ ყალბ საქმეზე ასეთი არაობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ მოსამართლემ, რაც უბრძანეს, ის გააკეთა“, განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა 21 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


მისი თქმით, ამ საქმეში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა გარეული, რომელმაც პირდაპირ “უბრძანა“ მოსამართლეს ბერიძისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა ამ პირის ვინაობა.


ასევე გაურკვეველია, თუ რატომ არის დაინტერესებული ეს მაღალი რანგის მოხელე მერაბ ბერიძის დაპატიმრებაში.


ამავდროულად, ახალციხეში სტუდენთა მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. 18 თებერვალს პოლიციამ რამდენიმე სტუდენტი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა, მას შემდეგ  რაც საქმეში საქართველოს ომბუდსმენი სოზარ სუბარი ჩაერია. მან გააკრიტიკა სამართალდამცავები სტუდენტების დაკავების იმ მოტივით გამო , რომ ისინი “თავიანთ პოზიციას გამოხატავდნენ“.


გაზეთი “რეზონანსი“ 22 თებერვალს იტყობინება , რომ მერაბ ბერიძის დაპატიმრება 21 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წამყვან დეპუტატებს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო.

Exit mobile version