სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სერიოზული ცვლილებები იგეგმება

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით 18 თებერვალს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებათა 80-გვერდიან პროექტზე იმუშავებს. ამის შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს აღნიშნულ ცვლილებებს. 


“ეს ცვლილებები სერიოზულ კორექტივებს და დემოკრატიული ელემენტებს შეიტანს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” იურიდიული კომიტეტის წევრმა ნიკა გვარამიამ.


კანონპროექტში ძირითადი სიახლეებია: წინასწარი პატიმრობის 9 -თვიანი ვადის 3 თვემდე, გამონაკლის შემთხვევაში კი 4 თვემდე შემცირება; ბრალდებულად პირის ყოფნისათვის განსაზღვრული 24-თვიანი ვადის განახევრება; მოწმის ინსტიტუტის სრულყოფა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოწმის დასახელების უფლება თავად ბრალდებულს ექნება და არა სამართალდამცავებს. ასევე გაუქმდება მოკვლევის ეტაპი და შესაძლებელი იქნება გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე.


“სამწუხაროდ აღნიშნული ცვლილებები ვერანაირად ვერ გაითვალისწინებდა იმ კრიტერიუმებს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდება და რა შემთხვევაში არა. ეს პრობლემური საკითხი კვლავაც პროკურატურის და სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, თუმცა იუსტიციის საბჭო გააძლიერებს დისციპლინარულ დევნას იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც პროკურატურის ზეწოლას ვერ გაუძლებს და უსაფუძვლოდ მოახდენს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას”, განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა, დეპუტატმა ნიკა გვარამიამ.


მისი თქმით, სისხლის სამართლის რეფორმის კომისია პარალელეურად მუშაობს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შექმნაზე, რომლის მიღებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

Exit mobile version