ლავროვი: დსთ-ის ქვეყნებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ უცხოელი პარტნიორები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ დსთ-ის სახელმწიფოებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ უცხოელი პარტნიორები, თუმცა ეს არ უნდა იყოს მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


“ორგანიზაციის შერჩევა, რომელთანაც ამა თუ იმ ქვეყანას თანამშრომლობა სურს, რა თქმა უნდა მათი უფლებაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გამჭირვალე, ეს უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაძლიერების და არა სხვა სახელმწიფოების ინტერესების ხარჯზე“, განაცხადა სერგეი ლავროვმა 20 თებერვალს რუსული ტელეკომპანია РТР-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.


მისი თქმით, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს დსთ-ში. “ჩვენ საკუთარი ინტერესები გვაქვს აქ. ისინი [ინტერესები] ნათელია … [ჩვენ] გვინდა პატივი ვცეთ სხვა მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებს, ასევე იმ სახელმწიფოთა ინტერესებს, რომელთაც აქტიურობა სურთ აქ [დსთ-ში]. თუმცა, მათი მიზნები, მათი ინტერესები უნდა იყოს გამჭირვალე, გასაგები და არ ეწინააღმდეგებოდეს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმებს“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დსთ-ის ქვეყნებს  “სუვერენულ სახელმწიფოებად” მიიჩნევს. რომელთაც “ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში თანასწორი უფლებები აქვთ”.

Exit mobile version