20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ისრაელმა შეუწყვიტა იარაღის მიწოდება საქართველოს.
“მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ზეწოლით ბოლო პერიოდში ისრაელის სახელმწიფომ საქართველოს სამხედრო ტექნიკის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მიწოდება შეუწყვიტა. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ შესაძლოა ისრაელის მიერ საქართველოსათვის გადაცემული სამხედრო ტექნიკა ჩეჩენ ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსათვის სამხედრო ტექნიკის მოწოდების შეწყვეტის საკითხი არასოდეს ყოფილა, როგორც საქართველო-რუსეთის, ისე რუსეთ-ისრაელის მოლაპარაკებების საგანი. შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაცია იარაღის მოწოდების შეწყვეტის თაობაზე რუსულენოვანმა ინტერნეტ გამოშვებამ ISRAland -მა 20 თებერვალს გაავრცელა.
გასულ წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელს ესტუმრა, სადაც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების სურვილი გამოთქვა.
საქართველოს საავიაციო ქარხანა აწარმოებს SU 25 ტიპის თვითმფრინავებს. SU 25-ის ყველაზე თანამედროვე თვითმფინავის მოდელია “მორიელი“, რომლის დიზაინიც ისრაელის კომპანია Elbit Systems-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველომ უკვე მიიღო Tavor -ის ავტომატური იარაღები ისრაელიდან.