საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა 18 თებერვალს თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველო და რუსეთი მომდევნო ორი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებულ მთელ რიგ პრობლემატურ საკითხებზე მოლაპარაკებების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
ორივე მინისტრმა ხაზი გაუსვა ექვს ძირითად საკითხს, რომელთაც ექსპერტთა ჯგუფები მომდევნო ორი თვის განმავლობაში განიხილავენ:
ჩარჩო ხელშეკრულება;
საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადები;
ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა;
რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია;
კონფლიქტების მოგვარების საკითხები;
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება.
“ჩვენ გვჭირდება კონკრეტული, რეალური შედეგები და არა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი შედეგები … ჩვენ მოვახსენებთ ჩვენს პრეზიდენტს შესრულებული სამუშაოს შედეგებს. შემდეგ, 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვევა მოსკოვს და შეხვდება [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმერ] პუტინს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ “ძირითად მიმართულებებზე“ და დაადასტურა, რომ ზემოხსენებულ ექვს საკითხზე მოლაპარაკებები გააქტიურდება.