პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთწლიანი ვადის ექვსი თვით გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, რასაც 15 თებერვალს საკომიტეტო განხილვის შემდეგ პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.
“სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადების გაზრდა ერთ მიზანს ემსახურება – უკეთესად გაიწვრთნას ჯარი. არსებული რესურსებით ჯარის უკეთესად გაწვრთნა წელიწადნახევარში უფრო რეალურია, ვიდრე ერთ წელში“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ.
მისი ინფორმაციით, 18-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური 2008 წლამდე იქნება ძალაში, “შემდეგში საკონტრაქტო სისტემაზე გადავალთ, როგორც ეს ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაშია“, დასძინა ნიკა რურუამ.
გასული წლის ოქტომბერში პარლამენტის მიერ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვიანი ვადა 12 თვემდე შემცირდა.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შესაძლოა კვლავ გაიზარდოს
