დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არსებობს პოლიტიკური ნება 7%-იანმა საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს.
“ჩვენ უმოკლეს დროში დავიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს ამ თემაზე, მითუმეტეს, რომ ევროპის საბჭოდან ჩვენი კოლეგების რეკომენდაცია არსებობს ბარიერის დაწევის თაობაზე”, განაცხადა ბურჯანაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ იანვარში მიღებულ რეზოლუციაში ერთ-ერთ რეკომენდაციად 7%-იანი ბარიერის დაწევის საკითხი ასახა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბარიერის დაწევა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, შესაძლოა განხილულ იქნეს ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობის საკითხთან ერთად, რომლის რეფორმირებაზეც სპეციალური სახელმწიფო კომისია მუშაობს.