ლავროვის ვიზიტის წინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის 18 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დროს ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე წინსვლა იქნება მიღწეული.  
 
თბილისსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებს დაერთო ისიც, რომ სერგეი ლავროვმა თბილისში დაგეგმილი ვიზიტისას დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობაზე უარი თქვა. ამ გადაწყვეტილებას მისმა ქართველმა კოლეგამ სალომე ზურაბიშვილმა “არამეზობლური ჟესტი“ უწოდა.
 
ეს პუნქტი ამოღებულ იქნა ვიზიტის პროგრამიდან რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად. ამგვარად, სერგეი ლავროვის ვიზიტი “ოფიციალურიდან“ “სამუშაო ვიზიტამდე“ დაქვეითდა. 

ერევანში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას 16 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თბილისში დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობაზე უარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში რუსეთის საშუამავლო როლით ახსნა.


“ამგვარი ღონისძიება ვერ შექმნის შესაფერის გარემოს კონფლიქტების მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისთვის“, იუწყება “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


“საქართველოში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლავროვი ვერ მივიდოდა დაღუპულ გმირთა მემორიალთან, მისი გვირგვინით შესამკობად, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმა.  ჩვენ ეს მიგვაჩნია, როგორც ძალიან არამეზობლური და არაადექვატური ჟესტი რუსეთის მხრიდან”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.
 
“ამის მიუხედავად, საქართველო არ აპირებს სიტუაციის ესკალაციას და რადგან საჭირო არის, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენ მივიღებთ ლავროვს სამუშაო ვიზიტის ფორმატში და არა ოფიციალურ ვიზიტად”, დასძინა სალომე ზურაბიშვილმა. 
 
საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა, რომელიც 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს შეხვდა, უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე ლავროვის ვიზიტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ დემარშს წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის  წარუმატებელი მოლაპარაკებები საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე.
 
მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 თებერვალს საქართველო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობებში არსებულ შეფერხებებში დაადანაშაულა.
 
“თბილისში გამართული მოლაპარაკებების დროს ჩვენ ვიგრძენით, რომ ქართული მხარე არ არის მზად ზოგ საკითხში წინსვლის მისაღწევად, ხოლო ზოგ საკითხში უკანაც კი დაიხია“, აცხადებს საინფრომაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ 15 თებერვალს სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
“იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტი ხელს შეუწყობს ზოგიერთი საკითხის გარკვევას და პროგრესის მიღწევას ორმხრივ ურთიერთობებში”, დასძინა ლავროვმა.
 
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ ელის რაიმე წინსვლას ლავროვის ვიზიტის შედეგად.
 
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მორიგმა გაფრთხილებამ, რომ რუსეთი მზადაა პრევენციული დარტყმები განახორციელოს ტერორისტებზე ნებისმიერ ადგილას, კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები. ივანოვმა ეს განცხადება 12 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, “ტერორისტები“ ჩეჩნეთში საქართველოდან კვლავ შედიან.
 
“ჩვენ ჩეჩნეთში მოვკალით ძალიან ბევრი უცხოელი, რომლებსაც ჯიბეებში აღმოჩნდა პასპორტები საქართველოს ტურისტული ვიზით… ვერ უარყოფთ, რომ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით შემოდიან, ეს ფაქტია,“ განაცხადა ივანოვმა, იტყობინება სააგენტო “როიტერი”.


11 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში რუსეთის საელჩო იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა განხილვაც 18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს იგეგმება.
 
საელჩოს განცხადებით, თბილისსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ რჩება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის მიზანიცაა ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტის, მათ შორის სამხედრო საკითხების, დარეგულირება. ეს უკანასკნელი ხელშეკრულების იმ ერთადერთ ნაწილს წარმოადგენს, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან. “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დსთ-ის სივრცეში, რომელსაც არ აქვს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება რუსეთთან”, ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
 
განცხადებაში ასევე გამახვილებულია ყურადღება ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის  საჭიროებაზე. “რუსეთში ტერორიზმსა და დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე  უცხო პირების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ ამ [თანამშრომლობის] გზითაა შესაძლებელი“, ნათქვამია განცხადებაში.
 
მხარეები ასევე განიხილავენ ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საკითხს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო ეფექტური იქნება “საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხარჯზე, ნაცვლად [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] საერთაშორისო მონიტორინგის რეანიმაციისა, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი არაეფექტურობა“.
 
რუსეთის საელჩოს მხედველობაში ჰქონდა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია, რომლის საქმიანობაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა გასული წლის დეკემბერს ვეტო დაადო ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს.    
 

Exit mobile version