არასამთავრობო ორგანიზაცია თავდაცვის სისტემის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

ასოციაციამ “სამართალი და თავისუფლება“, რომელიც მეშვიდე წელია სამხედრო თემატიკაზე მუშაობს და სისტემატურად ახორციელებს სამხედრო ძალებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, 16 თებერვალს გამოაქვეყნა ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროში ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის შედეგები, სადაც დეტალურად არის გაწერილი არსებული დარღვევები.


მოხსენებაში საუბარია იმ ნაკლოვანებებზე, რომლებსაც, ასოციაციის აზრით, ადგილი აქვს ზოგადად ხელისუფლების თავდაცვით პოლიტიკაში, კერძოდ: რეფორმების სტრატეგიის არ არსებობაზე, არამიზნობრივ ხარჯებზე, ხშირ საკადრო ცვლილებებზე, სამხედრო-სამოქალაქო ფუნქციების არამართებულ გამიჯვნაზე და რეზერვისტთა არაეფექტურ მომზადების პროგრამაზე.


“საკამათო არ არის ის ფაქტი, რეფორმის განსახორციელებლად, სულ მცირე, თავად რეფორმის გეგმა არის საჭირო, სადაც უკვე ასახული უნდა იყოს სისტემის გაუმჯობესებისათვის კონკრეტული და თანმიმდევრული ღონისძიებები. თუმცა სახელმწიფოში არ არსებობს სამხედრო სფეროში გასატარებელი კონკრეტული გეგმა და ე.წ. რეფორმის ცალკეული ნაწილების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება პრეზიდენტის განცხადებებში, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ აისახება დოკუმენტურად და მისი აღსრულება ან საერთოდ არ ხდება, ან შეცვლილი ფორმით”, ნათქვამია მოხსენებაში.


ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება“ აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ფაქტობრივად არ მომხდარა სამხედრო–სამოქალაქო ფუნქციების გამიჯვნა. უფრო მეტიც, შარშან აპრილში დამტკიცებული თავდაცვის სამინისტროს დებულებით “მოხდა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ფუნქციების აღრევა და დუბლირება. სამხედრო მმართველობაში მოისპო ზღვარი პოლიტიკურ და სამხედრო მმართველობებს შორის, მოიშალა ოპერატიული მმართველობის მთელი სისტემა”.


აღნიშნულ დებულებაში, შარშან აპრილის შემდეგ, ცვლილებები ორჯერ განხორციელდა: ერთხელ, როდესაც  თავდაცვის მინისტრის პოსტზე გელა ბეჟუაშვილი გიორგი ბარამიძემ შეცვალა და მეორედ – ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ.


“უმაღლესი მთავარსარდლის მმართველობის [საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი] ერთი წლის მანძილზე შეიარაღებული ძალების სამოქალაქო მმართველობა სამჯერ შეიცვალა, ხოლო სამხედრო – ორჯერ, რამაც ადეკვატურად გამოიწვია რეფორმის განუხორციელებლობა”, ნათქვამია მოხსენებაში.


როგორც ირკვევა ერთი წლის მანძილზე თავდაცვის სისტემაში 120 საკადრო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლებიც დანიშვნებს, დათხოვნებს, გადაადგილებებს, უფლებამოსილებისა და წოდების მინიჭებებს ეხება.


მოხსენებაში ასევე გაკრიტიკებულია ხელისუფლების მიერ რეზერვისტთა მომზადების მეთოდები. 2004 წლის 11 ოქტომბერის განკარგულებით «რეზერვის მომზადებისათვის» პრეზიდენტმა გამოყო 3,6 მილიონი ლარი.


“რა თქმა უნდა, ზოგადად, რეზერვის მომზადება მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ არა ამ ფორმით. იმ სახის სარეზერვო ლაშქრების მომზადებას, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს, საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს და იგი, ჩვენი აზრით, მხოლოდ სამხედრო სამსახურის პიარკამპანიას წარმოადგენს”, ნათქვამია მოხსენებაში.

იხილეთ მოხსენების სრული ტექსტი:
პრეზიდენტის მიერ სამხედრო სფეროში განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის შედეგები

Exit mobile version