ლუქსემბურგის დელეგაცია თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

15 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ოფიციალურ ვიზიტით ეწვევა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს იუსტიციის, ხაზინის, ბიუჯეტისა და თავდაცვის მინისტრი ლიუკ ფრიდენი, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


16 თებერვალს ლიუკ ფრიდენი, რომელიც ამჟამად  [1 იანვრიდან 1 ივლისამდე] ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს. განიხილება საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის მიმდინარეობისა და სხვა საკითხები.


საქართველოში ვიზიტისას ლუქსემბურგის დელეგაციას თან ახლავს ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოს (NAMSA) გენერალური დირექტორი, გენერალ-მაიორი კარლ-ჰაინც მუნცერი და სპეციალური პროგრამების მენეჯერი ბულენტ ტუდესი, რომლებიც მოინახულებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფონიჭალის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ნდობის ფონდის ფარგლებში, ლუქსემბურგის მხარდაჭერით მიმდინარე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების უტილიზაციის პროექტს.


ლუქსემბურგის მხარემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის უკვე გამოყო 450.000 ევრო. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით,  “მომავალშიც იგეგმება დამატებითი ფონდების გამოყოფა”.

Exit mobile version