ინტერვიუ გიორგი ისაკაძესთან
საქართველოს ხელისუფლება გასული წლის შეფასებისას ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყით უსვამდა ხაზს გასამმაგებულ ბიუჯეტს, ახალ საგადასახადო კოდექსს, ფინანსური ამნისტიის ეფექტს და პრივატიზაციის მნიშვნელობას.
“სივილ ჯორჯიამ” ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი “ბიზნესმენთა ფედერაციის” აღმასრულებელ მდივანს გიორგი ისაკაძეს სთხოვა. მისი განცხადებით, უამრავი პოზიტიური მომენტის მიუხედავად, გადამეტებულია იმის თქმა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 5 იანვრიდან შევიდა, “ყველაზე ლიბერალურია” პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს.
გიორგი ისაკაძის თქმით, “ბიზნესმენთა ფედერაცია“ იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რომლის მიზანს საგადასახადო კოდექსის კომენტირება წარმოადგენს, რათა გადასახადის გადამხდელს გაუადვილდეს იმ ორაზროვანი დებულებების გაგება, რომლებსაც ახალი კოდექსი მრავლად შეიცავს.
ასევე გიორგი ისაკაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ნოღაიდელს ბიზნესწრეებთან დიალოგისაკენ და მათგან სასარგებლო რჩევების მიღებისაკენ მოუწოდებს.
როგორ შეფასებას მისცემთ ახალ საგადასახადო კოდექსს?
საუბარი იმაზე, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი პოსტ-საბჭოურ სივრცეში ყველაზე ლიბერალურია, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედ კოდექსთან შედარებით უამრავი მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები წინ. გადამხდელთან მიმართებაში ახალი კოდექსი გაცილებით პროგრესულია.
არის ძალიან ბევრი დადებითი მომენტი. თუნდაც ის, რომ გადამხდელისათვის ბევრი პროცედურა გამარტივებულია, იგივე დარეგისტრირება, ანგარიშფაქტურების და მსგავს თემებთან დაკავშირებული საკითხები.
ის, რომ გადასახადებმა დაიკლო ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საშემოსავლო და სოციალური გადასახადის კლება. კარგია, რომ მთავრობა დღგ-ს თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპტიმალურ ვარიანტზე ჩამოყალიბდა და ა.შ.
კოდექსის ამოქმედებიდან ერთ თვეზე მეტია გასული, როგორ იმუშავა მან ამ დროის მანძილზე?
მთავრობამ სტრატეგიული და ჩემი აზრით, დანაშაულთან მიახლოებული შეცდომა დაუშვა, როცა ეს კოდექსი გვიან აამოქმედა. ვგულისხმობ, რომ იგი მზად [გასული წლის] 5 ნოემბერს უნდა ყოფილიყო და არა [მიმდინარე წლის] 5 იანვარს, როცა ის ამოქმედდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას სერიოზული ადაპტირება სჭირდებოდა.
ასეთ შემთხვევაში მე გაცილებით მეტი დადებითის ან უარყოფითის თქმის საშულება მექნებოდა. კოდექსმა რეალურად მხოლოდ ერთი თვე იმუშავა.
თუმცა იმუშავა საკმაოდ რთულად და რატომ: კოდექსმა, რომლითაც ახალი თამაშის წესები მკვიდრდება, ერთნაირად შეუქმნა პრობლემები, როგორც გადამხდელს, ისე საგადასახადო ინსპექტორს. არ იცოდა არც გადასახადის ადმინისტრატორმა და არც გადამხდელმა თანხა როგორ გადაეხადა, რამაც გაურკვევლობა წარმოშვა.
მთავარი პრობლემა, რაც მოჰყვა ადაპტაციას არის ის, რომ კოდექსი არ არის მხოლოდ ის დოკუმენტი, რაც პარლამენტმა მიიღო. მასთან ერთობლიობაშია უამრავი ქვენორმატივი, რომელთა დიდი ნაწილიც იანვარში დაიწერა. საუბარია დღგ-ს შევსების ფორმაზე, დეკლარაციის ფორმების შედგენა, შევსება, მიწოდებაზე, აღრიცხვაზე დაყენებსა და მსგავს საკითხებზე. ეს არის თვისობრივად ახალი პროცესი.
კოდექსის ერთ-ერთ მანკიერ მხარედ ჩავთვლიდი, მცირე და საშუალო მეწარმეობასთან მიმართებაში დარჩენილ პრობლემებს. ამ კატეგორიად მიიჩნევიან ისინი, ვისი წლიური ბრუნვაც 100 ათას ლარს არ აღემატება, ანუ ისინი ვინც დღგ-ს არ იხდის. არადა მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის უამრავი ფორმა არსებობს: საწყის ეტაპზე მათი გადასახადებისაგან გათავისუფლება, ფიქსირებული გადასახადის დაწესება და ა.შ, რაც ბიზნესის ამ ნაწილს ფეხზე დააყენებდა.
პრობლემატურია დღგ-ს დაბრუნების თემაც. თუ მეწამეს სახელმწიფომ რაღაც ვალდებულების შესრულება მოსთხოვა, მან ეს 15 დღეში უნდა გააკეთოს, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს იგივე ვალდებულების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა აქვს. ეს არის ერთ-ერთი ის კონკრეტული მაგალითი, რომლითაც მეწარმეები და სახელმწიფო არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებულები.
ასევე ამ კოდექსის ავტორებმა ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ აქციზური საქონლის [ნავთობპროდუქტები, თამბაქო და სხვა] დაბეგვრა მიიჩნიეს და გაზარდეს მათზე გადასახადები. ამან კი ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია ფასების ზრდა ქვეყანაში. ამდენად, ნურავინ ნუ დაუკავშირებს სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდას მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფომ კონტრაბანდას სერიოზულად დაარტყა, ამაში ლომის წილი აქციზის გაზრდას მიუძღვის. მე მაინც მგონია, რომ ფასების ზრდას საფუძველი კოდექსით ჩაეყარა.
გარდა ამისა, კოდექსში არის გარკვეული მუხლები, რომელიც ინტერპრეტირების საშულებას იძლევა. ასეთ პირობებში ნებისმიერი საკითხი შეიძლება ორი მომენტის გათვალისწინებით მარტივად გადაწყდეს. პირველი ეს არის სასამართლო სისტემა, რომელიც სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს.
და მეორე, “ბიზნესმენთა ფედერაცია“ იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რასაც ჰქვია საგადასახადო კოდექსის კომენტარები. მინდა, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს იმ წიგნის შექმნაში, რომელიც გაცილებით სქელტანიანი იქნება, ვიდრე თავად კოდექსია, სადაც კანონის ორმაგი წაკითხვის გამორიცხვის მიზნით თითოეული მუხლი იქნება განმარტებული. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს სახელმწიფოც, რათა ამ განმარტებების ლეგიტიმურობის ხარისხმა აიწიოს.
ამას გარდა, ეს კომენტარები ხელს შეუწყობს საგადასახადო დავების რიცხვის შემცირებას, რადგან მხარეები მარტივად გაერკვევიან საკმაოდ რთული ენით დაწერილ დოკუმენტში და ხშირ შემთხვევაში სასამართლომდე მისვლაც აღარ დასჭირდებათ.
ძლიერმა ხელისუფლებამ, ვთქვათ, კოდექსის 6 თვიანი მუშაობის შემდეგ, თუკი დაინახა მასში რაიმე მანკიერი, უნდა მოამზადოს ცვლილებათა პაკეტი და გამოასწოროს ის. გაიარა ადაპტაციის რაღაც პერიოდმა და მოდით ვნახოთ, რამ იმუშავა, რამ ვერ იმუშავა, იქნებ ჯობია, რომ მეწარმეობას უფრო შევუწყოთ ხელი. აქ მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების შემცირებას, რადგან გვესმის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს შემოსავლიანი და განვითარებადი ბიუჯეტი. ჩვენი მოთხოვნა გადასახადების გადახდის პროცესში სახელმწიფოსთან ურთიერთობების გამარტივებაა.
კოდექსის მიღების დროს ხელისუფლებამ დღგ-ს 18%-მდე შემცირება 6 თვით, მიმდინარე წლის ივლისამდე გადაავადა. შესრულდება ეს პირობა?
მე ვფიქრობ, რომ არ შესრულდება. საკმაოდ მიკვირდა, მთავრობის განზრახვა დღგ-ს 20%-დან 18%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტის 60-65% აგებულია დღგ-დან შემოსავლებზე. კოდექსზე კონსულტაციების პერიოდში ჩვენ [ბიზნესმენები] მადლიერი ვიყავით ამ 2%-იანი შემცირების გამო, მაგრამ ამავე დროს ვუხსნიდით მთავრობას, რომ ამას ჩვენ არ მოვითხოვდით.
მეწარმეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში არ იყოს დისკრიმინირებული პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი, თუნდაც ამ კოდექსის პირობებში, ყოველთვის ნახავს ლეგალურ გზებს, როგორ არ გადაიხადოს გადასახადები, ისევე, როგორც მთავრობა მონახავს გზებს, როგორ დააჯარიმოს ბიზნესი.
რა ეფექტი შეიძლება იქონიოს საგადასახადო კოდექსმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით?
სხვათა შორის ძალიან ლიბერალური მომენტი ჩაიდო კოდექსში ინვესტირებისას თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხდება ინვესტირება, დღგ და ამორტიზაციის ხარჯები უკან ბრუნდება ერთ თვეში. ეს არის ძალიან სერიოზული შეღავათი ინვესტორისთვის, რომელმაც იცის, რომ ჩადებულ თანხას ხაზინა მალევე დაუბრუნებს.
თუმცა ეს არ არის საკმარისი ინვესტიციების მოსაზიდად. არის გაცილებით უფრო ძლიერი ფაქტორები, როგორიცაა პოლიტიკური სტაბილურობა, კრიმინოგენული მდგომარეობა, რომელიც კაპიტალდაბანდების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ უნდა იზრუნოს ხელაყრელ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნაზე.
გასულ წელს ხშირად ისმოდა ტერმინი “შეშინებული ბიზნესი”, რამდენად შეესაბამებოდა ეს სიმართლეს?
ვადასტურებ. ფაქტია, რომ ასე იყო იმიტომ, რომ ბიზნესი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ცალკეულ ბიზნესმენებს შეცდომები ჰქონდა წარსულში დაშვებული, მაგრამ [ხელისუფლების მხრიდან] დაშინებით და დაძალებით ბიზნესი არ კეთდება.
ბიზნესს თუ აქვს საფუძველი, რომ მოიგოს, ის იმუშავებს. თუ არა და სხვა სფეროში გავა ან საერთოდ განზე გადგება. მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი აქტიური ბიზნესმენი ვნახო საქართველოში.
მთავრობამ ერთადერთი რამ უნდა გაიგოს, რომ მათი პოლიტიკური დაპირებების შესრულების ერთადერთი გარანტი არის კერძო სექტორი. სამუშაო ადგილებს უკვე დიდი ხანია, რაც აღარ ქმნის მთავრობა. ამას კერძო სექტორი აკეთებს, რომელსაც სასათბურე პირობები კი არ სჭირდება, არამედ ელემენტარული ხელშეწყობა და პროგნოზირებადი გარემო.
პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტისადმი თავის წლიურ მოხსენებაში ძალიან ობიექტური გამოსვლა ჰქონდა ბიზნესის ნაწილში. მან ღიად თქვა, რომ ბიზნესთან მიმართებაში გასულ წელს ნაკლები მუშაობა იყო და ვერ შევქმენით სამუშაო ადგილებიო, რაც დაუკავშირა გზების, ხიდების, ინფრაქსტრუქტურის მშენებლობას, რაც თავის მხრივ ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. თუ ეს პირობები იქნება, ბიზნესი თავად შექმნის სამუშაო ადგილებს, რადგან ეს მის განვითარებას სჭირდება.
ამიტომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის გაგება, რათა მან სტაბილურ გარემოში იგრძნოს თავი. ბიზნესს სჭირდება პროგნოზირებადი გარემო და გამჭვირვალე თამაშის წესები.
რამდენად კმაყოფილი დარჩა ბიზნესი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საგადასახადო ამნისტიით?
ბევრ ნაწილში არ არის კმაყოფილი. ბევრისთვის შეიქნა არათანაბარი პირობები, რადგანაც მოხდა გარკვეული სელექცია, ვისზე გავრცელდებოდა და არ გავრცელდებოდა ამნისტია.
პრობლემა აქაც ის არის, რომ კანონის წაკითხვა რთულია. ცოტა ხნის წინ გაიმართა შეხვედრა პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც სამგვერდიან ფინანსური და საგადასახადო ამნისტიის კანონში 18 საკითხი ისეთი გამოიკვეთა, რომლის ერთმნიშვნელოვნად გაგება შეუძლებლი იყო. მოიძებნა გარკვეული გამოსავალი: ვინაიდან ამნისტიის კანონი ერთჯერადი აქტია და მასში ცვლილებები ვერ შევა, ამის გამო პარლამენტი სპეციალური დადგენილებით ხელახლა განმარტავს ამ მუხლებს.
მეწარმეებს უთხრეს, რომ გაანადგურონ ყველა დოკუმენტი, რომელიც 2004 წლამდე საგადასახადო ანგარიშგებას ეხება, მე კი ვურჩევ მათ, რომ ეს დოკუმენტაცია შეინახონ. თუნდაც იმიტომ, რომ ახლახანს აღმოვაჩინეთ, რომ ამნისტია ეხება ყველაფერს, გარდა ყალბი ოპერაციებით ჩატარებული ანგარიშსწორებისა, ასევე არ ვრცელდება იმ საურავებზე, რომლებიც წლების განმავლობაში პროცენტების სახით სახით დაუგროვდათ საწარმოებს.
ამდენი ხნის განმავლობაში [თითქმის 6 თვე] ამნისტიის თემაზე მუშაობის მიუხედავად, კიდევ ჩნდება კითხვები. მივიღეთ რაღაც ნახევარფაბრიკატი, რომელიც ეჭვებს ბადებს ბიზნესწრეებში, რომ ეს იყო კარგი ‘პიარ-აქცია’ და არა რეალურად მათთვის გაკეთებული სიკეთე.
ვთვლი, რომ ამნისტიით მეწარმეთა კმაყოფილება-უკმაყოფილების შეფარდება არის 50/50-ზე.
რამდენად ლიბერალური იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმავე ბიზნესთან მიმართებაში?
ძალიან ბევრი ბიზნესმენი, ნოღაიდელის პრემიერობის იდეას დიდი სიხარულით არ შეხვედრია. მაგრამ მე ნოღაიდელის კანდიდატურას მივესალმები, რადგან ის პროფესიონალი მენეჯერია.
თუ იგი აქტიურ კონსულტაციებზე გადავა მეწამეებთან და ბიზნესგაერთიანებებთან, ისეთ რჩევებს მიიღებს, რაც მას უმთავრესს გადაალახვინებს – ქვეყანაში სწრაფი ტემპებით დაიწყოს დოვლათის შექმნა.
ვფიქრობ, რომ ნოღაიდელი, ეხლა როგორც პოლიტიკური ფიგურა, მხარს დაუჭერს ეკონომიკის დერეგულაციის თემას. ამ მთავრობაში [კახა] ბენდუქიძის [სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში] პოზიტივი სწორედ ის არის, რომ იგი მაქსიმალურად ცდილობს მეწარმეობა სახელმწიფო ჩარევისაგან გამოათავისუფლოს. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ყველაფრის დერეგულაცია და გაყიდვა იმისა, რაც სახელმწიფოს სტრატეგიული მმართველობის ქვეშ არ უნდა იყოს. გავყიდოთ პორტები, მაგრამ ნუ გავყიდით საზღვაო აკვატორიას – ეს არის უმთავრესი, რითაც მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა იყოს გამჭვირვალე. მაგალითად, იმავე პრივატიზაციის პროცესში, რათა კითხვის ნიშნები ამა თუ იმ საპრივატიზაციო გარიგებასთან მიმართებაში საზოგადოებაში არ გაჩნდეს. მთავრობამ არავის არ უნდა მისცეს იმის საბაბი, რომ ეჭვი შეიტანოს ამ პროცესში. ამ მხრივ მე ნოღაიდელის პრინციპულობის იმედი მაქვს.
დღევანდელი გასამმაგებული ბიუჯეტი მთავრობის ერთიანობის დემონსტრირებაა, პირველად მოხდა, რომ ამ პროცესში ეკონომიკურ ბლოკთან ერთად დადგნენ ძალოვანებიც. იმედი მაქვს, რომ ნოღაიდელი ამ ტენდენციას გააგრძელებს.