თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-რუსეთს შორის სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე, დელეგაციებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
11 თებერვალს 11-საათიანი “რთული“ მოლაპარაკებებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის იგორ სავოლსკის ხელმძღვანელობით თბილისში მყოფი დელეგაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის წინადადებები, რომლებიც ქართულმა მხარემ შესთავაზა ახალქალაქიდან და ბათუმიდან ბაზების გაყვანის, ცალკეული სამხედრო ობიექტების ქართული მხარისთვის გადმოცემის და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ.
შეხვედრიდან გამოსულმა მხარეებმა ეჭვქვეშ დააყენეს ამ ფორმატით მუშაობის გაგრძელების ეფექტურობა და დასძინეს, რომ საკითხების განხილვა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა უკვე 18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტისას იქნება შესაძლებელი.
მოლაპარაკებებიდან შესვენებებზე გამოსული როგორც რუსული, ისე ქართული სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელთა ძირითადი მოვალეობაც მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების მიღწევა და მაღალი დონის შეხვედრისათვის [ლავროვის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში] საფუძვლის მომზადება იყო, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებდნენ და აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებები “რთულად“ მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა გიგა ბოკერიამ, რომელიც ქართულ-რუსული დელეგაციების მოლაპარაკებებში პირველად იღებდა მონაწილეობას, განაცხადა, რომ რუსეთი ბაზების გაყვანის გაჭიანურებას ცდილობს და დროა რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე “უკანონოდ გამოცხადდეს”.
“ამის საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა არსებობს და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ”, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოლაპარაკებებისას ძირითადად განიხილებოდა რუსული სამხედრო ბაზების ნაცვლად საქართველოში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ ინიციატივა. როგორც ცნობილია, საქართველომ რუსული ბაზების გაყვანის სანაცვლოდ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის წინადადებით შარშან ივნისში მიმართა მოსკოვს, თუმცა პასუხმა დააყოვნა. მოგვიანებით, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა ეს იდეა აიტაცა და დღეს უკვე აქტიურად ცდილობს მის სისრულეში მოყვანას.
დეპუტატი გიგა ბოკერია ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ მოსკოვს ანტიტერორისტული ცენტრის შექმნით უბრალოდ სურს სახელი გადაარქვას საქართველოში განლაგებულ მის ორ სამხედრო ბაზას. “რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია”, დასძენს დეპუტატი.
“ისე ჩამოაყალიბეს რუსებმა საკუთარი ხედვა ამ ანტიტერორისტული ცენტრების შექმნის შესახებ, რომ სერიოზული ეჭვები გაჩნდა, შესაძლებელია კი საერთოდ შეთანხმების მიღწევა?!”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ რუსეთში საქართველოს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში განაცხადა, რომ ქართული მხარე რუსეთს შემდეგ სქემას სთავაზობს: მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც გაწერილი იქნება რუსული ბაზების გაყვანის ვადები და პირობები და “მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნას ექპერტთა ჯგუფები, რომლებიც ერთობლივი ანტიტერორიტული ცენტრის შექმნის პროცესზე იმუშავებს”.
ანთაძის თქმით, ქართული მხარე მზად არის ასევე დათმობის სახით, მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში განთავსებული გუდაუთის სამხედრო ბაზა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების დროებით სარგებლობაში გადავა. თბილისის მიერ ეს მხოლოდ ფორმალური სახის დათმობად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან გუდაუთის ბაზას რეალურად მაინც რუსი სამშვიდობოები იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები იმდენად უშედეგოდ მიმდინარეობდა, რომ მხარეებს არც კი განუხილიათ ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადები.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ სავოლსკიმ ქართული მხარე “მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის კომპრომისებზე წასვლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
“ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ ეჭვქვეშ დადგა ამ საკითხების განხილვა”, განუცხადა ჟურნალისტებს 11 თებერვალს იგორ სავოლსკიმ. მან პრობლემების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ ყველაფერს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი განსაზღვრავს.
რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე რუსულ-ქართული მოლაპარაკებები 1999 წლიდან მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, 1999 წელს სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოში განლაგებული ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა გაეყვანა.
ვაზიანის ბაზასთან მიმართებაში რუსეთმა ეს პირობა შეასრულა. მოსკოვის მტკიცებით, მან ასევე გაიყვანა მძიმე შეიარაღება გუდაუთიდან. ამაში დარწმუნების მიზნით, იმის გამო, რომ თბილისის იურისდიქცია ვერ ვცელდება აფხაზეთზე, ქართულმა მხარემ გუდაუთის ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
იმავე 1999 წლის სტამბოლის შეთანხმებაში ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ჩაიწერა, რომ რუსეთი და საქართველო იღებენ ვალდებულებას მიაღწიონ შეთანხმებას ამ ბაზების ფუნქციონირებისა და მათი ლიკვიდაციის ვადების შესახებ 2001 წლამდე. ამდენად, ვაზიანისა და გუდაუთისგან განსხვავებით, ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებთან მიმართებაში ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, თუ როდის უნდა გაიყვანოს რუსეთმა ეს ბაზები. ამით კი მოსკოვი, რა თქმა უნდა, სარგებლობს.
მხარეები არა თუ 2001 წლამდე, როგორც ეს სტამბოლის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, არამედ დღემდე ვერ შეთანხმდნენ ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის ვადებზე.
თავდაპირველად რუსეთი აცხადებდა, რომ ამ ბაზების ლიკვიდაციისთვის 14 წელი იყო საჭირო, შემდეგ 11 წელზეც თანახმა იყო. თბილისს კი ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად სამი წელიც საკმარისად მიაჩნდა. ამასობაში უკვე, თითქმის, ექვსი წელი გავიდა და შეთანხმება არა თუ მიღწეული არ არის, არამედ იმის ნიშანიც კი არ ჩანს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებებში გარღვევის მიღწევა.
ამას გარდა, მოსკოვი სულ უფრო ხშირად უსვამს ხაზს, რომ ბაზების გაყვანა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა კონკრეტული თანხები არ სახელდება. 10 თებერვალს რუსულ გაზეთ “ვრემია ნოვოსტეისთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი ასობით მილიონ დოლარზე საუბრობდა.
სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით რუსეთი “დროს წელავს”
