რუსეთი თბილისთან მოლაპარაკებებში შემხვედრი ნაბიჯებისთვის მზადაა

11 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში   საქართველოში რუსეთის საელჩო იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა განხილვაც 18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს იგეგმება.


“ჩვენ მზად ვართ საკამათო საკითხების მოსაგვარებლად ჩვენი წილი გზა გავიაროთ . სერგეი ლავროვის ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული მხარის განზრახვა ამ კუთხით სერიოზულია“, ნათქვამია განცხადებაში.


საელჩოს განცხადებით, თბილისსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ რჩება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის მიზანიცაა ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტის, მათ შორის სამხედრო საკითხების, განსაზღვრა. ეს უკანასკნელი შეთანხმების იმ ერთადერთ ნაწილს შეადგენს, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან.


საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დსთ-ის სივრცეში, რომელსაც არ აქვს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება რუსეთთან, ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.


განცხადებაში ასევე გამახვილებულია ყურადღება ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის  საჭიროებაზე. “რუსეთში ტერორიზმსა და დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე  უცხო პირების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ ამ [თანამშრომლობის] გზითაა შესაძლებელი“, ნათქვამია განცხადებაში.


“ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესაძლოა გახდეს თანამშრომლობის ახალი ფორმა“, აცხადებს რუსეთის საელჩო.


რუსული მხარე მოუწოდებს თბილისს გააძლიეროს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის.


განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო საზღვრზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო ეფექტური იქნება “საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხარჯზე, ნაცვლად [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] საერთაშორისო მონიტორინგის რეანიმაციისა, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი არაეფექტურობა“.


რუსეთის საელჩოს მხედველობაში ჰქონდა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია, რომლის საქმიანობაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეწყდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასული წლის დეკემბერს ვეტო დაადო ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელებას.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version