ივანოვი საქართველოს “ტერორისტების“ შეფარვაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, 12 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ “ტერორისტები“ ჩეჩნეთში საქართველოდან შედიან და დასძინა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას განახორციელოს პრევენციული დარტყმები ტერორისტების წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.


“ჩვენ ჩეჩნეთში მოვკალით ძალიან ბევრი უცხოელი, რომლებსაც ჯიბეებში ედოთ პასპორტები საქართველოს ტურისტული ვიზით… ვერ უარყოფთ, რომ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით შემოდიან, ეს ფაქტია,“ განაცხადა ივანოვმა, იტყოფინება სააგენტო “როიტერი”.

ივანოვის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა მიუნხენის კონფერენციას, აღნიშნა, “ცოტა არ იყოს მე შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებებით, რომ ტერორისტები კვლავაც კვეთენ საზღვარს და რომ თქვენ შეიძლება გამოიყენოთ პრევენციული დარტყმები”, იტყობინება “როიტერი.“


“თუ ჩვენ ვიცით, რომ რომელიმე ტერიტორიაზე იმალებიან ტერორისტები, რომლებიც გეგმავენ ტერორისტულ აქტებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ, რომ ეს ტერორისტული აქტი განახორციელონ და მერე დავუწყოთ დევნა? თუ მაშინვე უნდა მივიტანოთ მათ წინააღმდეგ დარტყმა? მე მგონი, რომ აქ პასუხი ნათელია”, განაცხადა ივანოვმა.

Exit mobile version