ამერიკელმა ექსპერტებმა ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე თბილისში მუშაობა დაასრულეს

პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს საქართველოში აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიენ პაარმანმა და გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ. 
 
“ქართველ და ამერიკელ ექსპერტთა აზრები ერთმანეთს ემთხვევა”, განაცხადა გიორგი ჯანაშიამ.


ბრაიენ პაარმანის განცხადებით, ამერიკელ ექსპეტთა ჯგუფი მაღალი დონის პროფესიონალებისგანაა დაკომპექტებული, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სენატორის ტომ დაშლისა და ამერიკელი ტელეჟურნალისტის ტომ ბროკოუს წინააღმდეგ მიმართულ ანტრაქსით მოწამვლის მცდელობის გამოძიებაში.  

“პროფესიონალ და კომპეტენტურ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. ასევე ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, საიდანაც ავიღეთ ნიმუშები, რაც გამოძიებას დაეხმარება”, განაცხადა ბრიფინგზე ბრაიენ პაარმანმა.
 
მისივე ინფორმაციით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხუთკაციანი ჯგუფი უკვე გაემგზავრა ამერიკაში, რომელთა მიერ ჩატარებული დამატებითი ექსპერტული კვლევის პასუხები, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი. 


ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია მხუთავი გაზით ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.

Exit mobile version