ლოშჩინინი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

10 თებერვალს “ვრემია ნოვოსტეი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეეხო პანკისის ხეობის პრობლემის, საქართველოში რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებისა და სამხედრო ბაზების თემას.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები კვლავ რჩებიან, რაც “ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმაც იციან”.


“მითუმეტეს, გაკვირვებას იწვევს მათი [საქართველოს ხელისუფლების] განცხადება, რომ პანკისის ხეობიდან გამოიყვანენ თავდაცვის სამინისტროს ძალებს და მხოლოდ პოლიციას დატოვებენ”, აცხადებს ლოშჩინინი.


მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ უარყო ტერორისტების არსებობა პანკისის ხეობაში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პანკისში განლაგებული შინაგანი ჯარის ნაწილებს საპატრულო პოლიცია ჩაანაცვლებს. 


კითხვაზე, ხომ არ განაპირობებს “ვარდებისა” და “ნარინჯისფერი” რევოლუციები რუსეთის პოსტ-საბჭოთა სივრციდან განდევნას, ლოშჩინინი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ “ვარაუდებია”.


პირიქით, “საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად ეკონომიკური კავშირები ღრმავდება. რუსეთის საქართველოში ყოფნის ხვედრითი წილი, როგორც არასდროს, დიდია: ჩვენი კაპიტალი აღწევს მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროებში, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორიში”, განაცხადა ვალერი ლოშჩინინმა.


საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის შედეგად რუსული კომპანიების ნაწილმა უკვე შეიძინა ცალკეული სტრატეგიული ობიექტები.


ლოშჩინინი საქართველოში განლაგებულ სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით, რომელზეც მოლაპარაკებები 5 წლის მანძილზე მიმდინარეობს, მიიჩნევს, რომ “კომპრომისი შესაძლებელია”.


“სამხედრო თვალსაზრისით ამ ბაზებს მნიშვნელობა დაეკარგა და ჩვენ იქიდან [საქართველოდან] წასვლა გვინდა… ამას მილიარდ დოლარზე მეტი თანხა დასჭირდება”, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.


მისი თქმით, ბაზების გაყვანის პარალელურად ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა “იმავე ჩვენი [რუსეთის] ბათუმის ბაზის საფუძველზე” ანალიტიკურთან ერთად უნდა ემსახურებოდეს სასაზღვრო და ანტიტერორისტული კადრების მომზადების მიზნებს.

“ახალქალაქის ბაზასთან მიმართებაში ქართული მხარე თავშეკავებას იჩენს”, დასძენს ლოშჩინინი “აქტიური დამუშავების სტადიაში” მყოფი ანტიტერორისტული ცენტრის იდეის კომენტირებისას. 


შარშან საქართველო ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის სანაცვლოდ, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

Exit mobile version