საპარლამენტო ოპოზიციამ სააკაშვილის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა

პარლამენტში ერთადერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ “მემარჯვენე ოპოზიციამ” მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე 10 თებერვალს წარმოდგენილი წლიური მოხსენებისას ძირითადი აქცენტები ქვეყანაში განვითარებულ პოზიტიურ ტენდენციებზე გააკეთა, თუმცა დასძინა, რომ პრობლემებიც უამრავია, “მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა  თავისი გამოსვლა ძირითადად ხელისუფლების “ჩავარდნებზე” ააგო.
 
“ჩვენთვის მნიშვლელოვანია ეს წლიური ანგარიში, რადგან ტრადიციულად ეს ერთადერთი საშულებაა ოპოზიციისთვის პირდაპირ უთხრას პრეზიდენტს ყველა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც აწუხებს საზოგადოებას”, განაცხადა დავით გამყრელიძემ.
 
გამყრელიძემ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას “აშშ-ს პრეზიდენტების გამოსვლების უნიჭო კოპირება” უწოდა.
 
ოპოზიციის განცხადებით, მათ იმედი გაუცრუვდათ პრეზიდენტის “იაფფასიან ეფექტებზე” გათვლილ  “შოუ-გამოსვლის” გამო, რადგან მან ყურადღება არ გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაგროვდა.


“მე გამიკვირდა, რომ პრეზიდენტი არ შეეხო ცხინვალის რეგიონში შარშან ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, ცოტა ხნის წინ გორში მომხდარ ტერაქტს, რომლებმაც ადამიანთა სიცოცხლეები შეიწირეს”, განაცხადა გამყრელიძემ.
 
“მე ველოდი, რომ პრეზიდენტი ისაუბრებდა იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს იგივე საპატრულო პოლიციას”, განაცხადა გამყრელიძემ.
 
საპატრულო პოლიციის შექმნა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ  ნაბიჯად არის მიჩნეული, რაც ასევე სარგებლობს საზოგადოების მხარდაჭერით.
 
გამყრელიძის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ხელფასები განახევრდა, “ნუთუ არ შეგვიძლია ჩვენ ერთ წარმატებულ პროექტს მაინც მოვუაროთ?”.


თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ ამ განცხადებას “ტყუილი” უწოდა.
 
ოპოზიცია პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეთა ენთუზიაზმს, რომლითაც ისინი რეზერვისტთა ბანაკებში ჩაეწერენ. “მაგრამ მე არ მჯერა, რომ რეზერვისტთა 90% მაინც გაამართლებს საომარი მოქმედებების დროს და ვერ ამიხსნია ის უზარმაზარი დანახარჯები, რომელიც ამ მიმართულებით დაიხარჯა და დაიხარჯება მომავალში”, აცხადებს გამყრელიძე.
 
“მემარჯვენე პოზიციისთვის” გაუგებარია რატომ არის იმავე ძალოვან უწყებებში პრივილეგირებული ნაწილები, მაშინ, როცა ქვეყნის საზღვრის სადარაჯოზე დგომა ურთულეს პირობებში უწევთ ქართველ მესაზღვრეებს, “ისინი იგნორირებულნი არიან”. 


ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს ეკონომიკისადმი, მცირე მეწარმეობისადმი და ბიზნესისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო.
 
“დღეს ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური სტაგნაცია და მე პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, მთელი ეკონომიკური პოლიტიკა ბენდუქიძემ დაუკავშირა ქონების გასხვისებას და არა თავისუფალი მეწარმეობისა და ბაზრის ჩამოყალიბებას”, განაცხადა გამყრელიძემ.
 
ხელისუფლება ცდილობს კანონდარღვევით და სწრაფ ტემპში გაასხვისოს სახელმწიფო ქონება, მიიჩნევენ “მემარჯვენეები”.
 
ასევე ოპოზიცია აქცენტს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონზე და უმუშევრობის პრობლემაზე.
 
“ჩვენ მხარს გიჭერდით სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციის საქმეში, მაგრამ ვერაფრით ვერ დაგიჭერთ მხარს იმაში, რომ ასეულობით ადამიანი ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე დატოვოთ ქუჩაში”, მიმართავს გამყრელიძე პრეზიდენტს.
 
მისი თქმით, ამ ადამიანების მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების კატასტროფული ზრდა მოხდა. “შეუძლებელია ნებისმიერი პირველადი მოხმარების საქონლის შეძენა, თუნდაც გაორმაგებული პენსიის პირობებში”, დასძენს იგი.
 
ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლების მტკიცება, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა დამარცხებულია, სწორი არ არის.
 
“კონტრაბანდა კი არ დამარცხდა, არამედ მოხდა მისი რამოდენიმე კლანის ხელში გადასვლა”, განაცხადა გამყრელიძემ. მას არა ერთხელ დაუდანაშაულებია შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი კონტრაბანდის მფარველობაში.
 
ოპოზიციის განცხადებით, დღევანდელი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი ფინანსთა მინისტრი და პრემიერობის ახალი კანდიდატი ზურაბ ნოღაიდელი იყო.
 
“ჩვენ არა მხოლოდ მხარს არ დავუჭერთ მას ახალ თანამდებობაზე, არამედ ყოველთვის გავაკრიტიკებთ. პრეზიდენტს  შეეძლო გაცილებით უკეთესი კანდიდატურის შერჩევა ვიდრე, ნოღაიდელია”, განაცხადა გამყრელიძემ.
 
ოპოზიციამ პრეზიდენტის ის განცხადებაც გააკრიტიკა, როდესაც მან ცალკეული პარტიების, რომლებიც მხარს უჭერენს უცხოური სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებას, “კანონგარეშედ გამოცხადება” არ გამორიცხა.
 
“ჩვენ პარტიას არასოდეს დაუმალავს ორიენტაცია დასავლეთისკენ, ნატოსკენ და აშშ-სკენ. თუკი უსაფრთხოების ინტერესების გამო ჩვენ მხარი დავუჭირეთ მათი ბაზების საქართველოში განთავსებას, ამისთვის პოლიტიკური საქმიანობა უნდა აგვეკრძალოს?”, კითხულობს გამყრელიძე.
 
მემარჯვენე ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისათვის ადამიანის უფლებები და პოლიტიკური უფლებები “მეათეხარისხოვანია”.
 
მათი აზრით, სწორედ ამით აიხსნება ის უკანონო დაჭერები, ფულის გამოძალვები, ადამიანების წამება ციხეებში, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და რამაც “მიგვიყვანა იქამდე, რომ ადვოკატები კომენტატორებად გადაიქცნენ, ხოლო მოსამართლეები პროკურატურის განყოფილებებად”.
 

Exit mobile version