ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 6 დღეში ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა – ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაასახელა. ნოღაიდელი ჟვანიას დიდი ხნის მოკავშირე და მეგობარი იყო. “ჩვენთვის მთავარია სამთავრობო კურსის მთლიანობის უცვლელობა, ამ პრინციპებიდან გამომდინარე შეირჩა სწორი კანდიდატურა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


დამვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟვანიას გუნდიდან შერჩეული ახალი პრემიერ-მინისტრი მოკლე ვადით დაიკავებს ქვეყანაში მესამე პირის პოსტს, რის შემდეგაც ან მას სააკაშვილის უშუალო დასაყრდენი კადრი ჩაანაცვლებს ან განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელითაც პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდება.


ქვეყანაში შექმნილ ახალ რეალობებზე, საკონსტიტუციო საკითხებზე და პრემიერობის ახალ კანდიდატზე “სივილ ჯორჯია” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს თინა ხიდაშელს ესაუბრა.


როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ზურაბ ნოღაიდელი?


ჩვენ ვიცით, როგორი [ფინანსთა] მინისტრი იყო ზურაბ ნოღაიდელი ორჯერ, სხვადასხვა ვითარებაში. მინდა ვთქვა, რომ იგი ორივე შემთხვევაში საკმაოდ წარმატებული მინისტრი იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთივე წარმატებული პრემიერი იქნება.


არ ვიცი, იქნება თუ არა ის ისეთივე მკაცრი პრემიერი, როგორიც ფინანსთა მინისტრი იყო, მითუმეტეს მთავრობის დღევანდელი კონფიგურაციის პირობებში. 


თუმცა გააჩნია რა ცვლილებები იქნება მთავრობაში. არა მგონია, რომ დრამატული ცვლილებები განხორციელდეს და ძალიან ბევრი ადამიანი გამოიცვალოს.


იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი ზურაბ ჟვანიაც აწყდებოდა წინააღმდეგობებს მთავრობაში, ბუნებრივია, რომ ვერც ნოღაიდელი იქნება ამისგან დაზღვეული.


ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თუ კონკრეტულად რა მიმართულებებში და რა სფეროებში იქნება პრემიერი პირველი ხმა. მაგალითად, იგივე კონფლიქტებთან დაკავშირებით რამდენად ჩაენაცვლება ნოღაიდელი ჟვანიას, თუ მოხდება ამ ფუნქციების სხვა რომელიმე კონკრეტული მინისტრისათვის დავალება.


ამდენად გვარის და სახელის გარკვევასთან ერთად, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერი, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რა გეგმა აქვს პრეზიდენტს მასთან, ან ვიცე-პრემიერთან და მთლიანად მთავრობასთან მიმართებაში იმ ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებასაც ერთი ადამიანი  – ზურაბ ჟვანია – მშვენივრად ახერხებდა. წარმოუდგენელია, რომ ნოღაიდელმა შეძლოს იმ ტვირთის აწევა, რომელსაც ჟვანია ატარებდა.


რამდენად წარმატებული იქნება ნოღაიდელი, თუ ეს მას დაევალა, ცხინვალთან და სოხუმთან მოლაპარაკებათა გაგიდასთან?


თუმცა მე ის არასოდეს მინახავს მოლაპარაკებათა მაგიდასთან, მაგრამ რაც მსმენია მის შესახებ, იგი არცთუ კომპრომისული და დიპლომატიური მომლაპარაკებელია. ეს კი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თვისება იმის, ვინც აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება. თუმცა შესაძლოა ნოღაიდელი ასეთი არც არის და უბრალოდ ასეთი იმიჯი აქვს საზოგადოებაში.


სიჯიუტე, ფინანსთა მინისტრობის პირობებში, განსაკუთრებით კი შევარდნაძის მმართველობის დროს, იყო ალბათ საუკეთესო თვისება, რაც ნოღაიდელს შეიძლებოდა ჰქონოდა. თუ ეს თვისება მისი პიროვნების მახასიათებელია, მაშინ ძნელად წარმომიდგენია იგი კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.


ხომ არ იქნება ნოღაიდელი “გადამავალი” პრემიერ-მინისტრი?


ჩვენი კონსტიტუციური წყობიდან გამომდინარე ნებისმიერი პრემიერი გარდამავალია, რადგან მარტივად, რომ ვთქვათ ეს არის პრეზიდენტის მიერ დაქირავებული პირი, რომელიც მანამდეა ამ თანამდებობაზე, ვიდრე პრეზიდენტს ეს სურს. ანუ რაიმე სპეციალური მიზეზები არ სჭირდება პრეზიდენტს იმისთვის, რომ მთავრობა დაითხოვოს და პრემიერი გაათავისუფლოს.


ამიტომ, თვითონ მოდელია ისეთი, რომ ყველა და ყველაფერი გარდამავალია და დროებითია, ვინც კი მთავრობაში მოდის და დამოკიდებულია პრეზიდენტის გუნება-განწყობაზე მის მიმართ ან გატარებული პოლიტიკის მიმართ.


ამიტომ თეორიულადაც, რომ დავუშვათ, რომ 3-6 თვის შემდეგ ნოღაიდელს გაათავისუფლებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ასე იყო ჩაფიქრებული.


რა ბედი ელის ე.წ ჟვანიას გუნდს ხელისუფლებაში?


ჩვენი პრეზიდენტი ბოლო ერთი წელია გვარწმუნებს, რომ ე.წ გუნდები აღარ არსებობს. მაგრამ, რაც არ უნდა გვარწმუნონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ გუნდები რეალურად არსებობს. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა.


პრეზიდენტს, რომ ყველა მინისტრი გაეთავისუფლებინა, ვინც ჟვანიას გუნდიდან იყო, ბუნებრივია ეს იქნებოდა, ძალიან ღიად ნათქვამი, რომ ლიდერის წასვლის შემდეგ ყველა მიდის. ამას ის, რა თქმა უნდა, არ გააკეთებდა.


მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა მისცა ძალიან დიდი შანსი ე.წ ჟვანიას გუნდს, რომელსაც აბსოლუტურად აქვს იმის შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ ისინი ძლიერი პოლიტიკოსები და პროფესიონალები არიან.


ძალიან გაუჭირდება პრეზიდენტს ნოღაიდელის გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ჟვანიას გუნდიდან არის, თუკი ის კარგი პრემიერ-მინისტრი გამოდგა. ამდენად, სიმძიმის ცენტრი პრემიერზე და იმ ადამიანებზე იქნება, ვინც თავის თავს ჟვანიას გუნდის წევრებად მოიაზრებენ.


ასევეა პარლამენტშიც. ჟვანიას გუნდს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის პარლამენტის ყველაზე უფრო პროფესიული ნაწილია, რაც რეალურად ასეა. ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსი, ჩვენი პრეზიდენტი კი ნამდვილად ასეთია, მიხვდება, რომ მას სჭირდება ეს გუნდი და არავითარი ოპოზიციონერობის თამაში არ იქნება.


ე.წ ჟვანია გუნდი, რომელიც ძალიან პრაგმატულ ხალხს უყრის თავს, სუსტ  პატრონს არ მოძებნის. მათ ყოველთვის ჰქონდათ სწორი ინტუიცია ყველაზე უფრო ძლიერის ფრთებქვეშ შეფარვისა.


ან პრეზიდენტი იტყვის მათზე უარს და ისინი შესაბამისად ოპოზიციაში აღმოჩდენიან, რაც მე ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია, ან პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ გააგრძელებენ მოღვაწეობას. შესაძლოა მათი ნაწილი ბურჯანაძის გუნდშიც ვიხილოთ.


თავისი ინიციატივით ეს ხალხი ოპოზიციაში არ გადაინაცვლებს, რადგან ესენი არ არიან კობა დავითაშვილები და ბერძენიშვილები, რომელთაც არაფერი აქვთ საკუთარ პოლიტიკურ წარსულში, რისიც შეიძლება რცხვენოდეთ. ამიტომ მათ მოქმედების თავისუფლება უფრო ნაკლები აქვთ.


დღეს მოქმედი კოსტიტუცია მორგებული იყო რევოლუციურ სამეულზე. რა შეიცვლება კონსტიტუციური მოწყობის კუთხით ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ?


ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობის სურვილი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა და წლების მანძილზე იგივე შევარდნაძის მცდელობა, რომ განეხორციელებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, აქეთკენ იყო მიმართული.


მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ვინმეს სურვილებს უწევს მხოლოდ ანგარიშს. თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები იყო ყველაზე საუკეთესო მოდელი მისთვის, როგორც ერთპიროვნული მმართველისთვის, იმის გამო, რომ მას სურდა მიეღო სუსტი პარლამენტი. მას აღარ სჭირდებოდა ისეთი ნინო ბურჯანაძე, რომელიც შევარდნაძემ მიიღო ბოლოს.


ამასთან, მოხდა როლების გადანაწილება  – სააკაშვილი პრეზიდენტი ხდებოდა, ბურჯანაძე – პარლამენტის თავმჯდომარე და ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი იმიტომ, რომ მისი რიგითი მინისტრობა ან თუნდაც ძველი კონსტიტუციის პირობებში სახელმწიფო მინისტრობა, მისი უმუშევრობის ტოლფასი იყო.


როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს [შარშან იანვარში] გამოვხატეთ შეშფოთება არსებული მოდელის პროექტის მიმართ, რომელსაც მე “უპასუხისმგებლო საპრეზიდენტო დიქტატურა” ვუწოდე, პრეზიდენტის შემხვედრი კითხვა იყო: ნუთუ გჯერათ, რომ მე დიქტატორი გავხდები?


მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ პრეზიდენტი ოდესმე დიქტატორი გახდება, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება რყვნის ადამიანს. მაშინ პრეზიდენტს ვკითხე, ხვალ, რომ უცებ შემთხვევით ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდე, ვინ იქნება ის მეორე კაცი, რომელიც ასევე არ გახდება დიქტატორი? არ შეიძლება კონსტიტუციების ამგვარად წერა და იმ იმედით ყოფნა, რომ კაცი, რომელიც 10 წელი პრეზიდენტობას აპირებს, ოდნავ მაინც არ გადაიხრება ავტორიტარიზმისაკენ.
 
ჩვენი პრეზიდენტის საუკეთესო თვისება ნამდვილად არ არის ყოველდღიური მართვა. მას აქვს ძალიან კარგი ინტუიცია და არის ძალიან გამბედავი პოლიტიკოსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგი მმართველი იქნება ყოველდღიურ საქმიანობაში. შესაბამისად ასეთი პრემიერ-მინისტრის არსებობა იგივეა, რაც კარგი სამურნეო მმართველის არსებობა, რომელსაც შეუძლია ყველაზე უფრო დაბალ ფასებში დააგოს გზები, ეფექტურად გამოიყენოს ის შეზღუდული რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ა.შ.


პრეზიდენტი განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, პრემიერი კი მის შესრულებაზეა პასუხისმგებელი. მმართველობის ასეთი მოდელი პრეზიდენტს აწყობს და ვფიქრობ, რომ ეს კონსტიტუციური მოწყობა შენაჩუნებული იქნება კარგა ხანს.


გარდა იმისა, რომ პრეზიდენტს ჰყავს ადამიანი, რომელიც რეალურად მუშაობს, მას ჰყავს ადამიანი პრემიერ-მინისტრის სახით, რომელსაც რეალურად ყველაფერი ბრალდება. მე არ ვიცი დედამიწის ზურგზე არცერთი მმართველი, რომელიც ასეთ კომფორტზე თავისი ნებით იტყვის უარს.


ეს კონსტიტუცია ახალ რეალობაში როგორ იმუშავებს?


მე არა მგონია, რომ ზურაბ ნოღაიდელმა შეძლოს იმ დოზით დამოუკიდებლად თამაში, როგორც ამას ზურაბ ჟვანია ახერხებდა. მახსენდება შარშანდელი ცხინვალის მოვლენები, როდესაც ჟვანიამ მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშა, იმის ჩათვლით, რომ თვითონ წავიდა კოკოითთან შესახვედრად. თანაც უცნობია ჟვანიას ეს ნაბიჯები ნებადართული იყო პრეზიდენტისაგან თუ არა.


მე არ ველოდები ზურაბ ნოღაიდელისგან [პრეზიდენტისადმი] ამ ტიპის წინააღმდეგობის გაწევას. ალბათ ეხლა პრინციპულად სხვა ტიპის მმართველობა გვექნება.


ჯერ კიდევ მაშინ, როცა კანდიდატურები განიხილებოდა, ჩემთვის [განათლების მინისტრის] კახა ლომაიას კანდიდატურა ყველაზე მისაღები იყო, მაგრამ ასევე მისაღები იყო ნოღაიდელის კანდიდატურაც, იმის გამო, რომ ის ნამდვილად პრინციპული ადამიანია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პრეზიდენტისთვის საუკეთესო ოპონენტი იქნება, პრეზიდენტს კი სჭირდება ჟვანიასნაირი ოპონენტი.


როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის გაუქმება?


მე არ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ასეთი რამ მოხდება.  კონსტიტუციაში ძალიან ბევრი თეთრი ლაქებია. იგივე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ან კონფლიქტური რეგიონების სტატუსის სახით და ყველაფერ ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა, კომისიური მუშაობა და არსებულის გამოსწორების ნება.


და არა ისეთი მიდგომა, რომ გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ჟვანია და ერთ თვეში მოდით ყველაფერი უკან დავაბრუნოთ. ეს იქნებოდა მორიგი სიგიჟე.


უდავოა, რომ ეს კონსტიტუცია გასასწორებელია, მაგრამ ეს ჯერ არ მოხდება. ან უნდა დავიჯეროთ, რომ მართლა დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რისიც სამწუხაროდ ჯერ არ მჯერა.

Exit mobile version