საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მიღებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვის დაასახელებს პრემიერ–მინისტრის პოსტზე. თუმცა მან უარი განაცხადა დაესახელებინა ეს კანდიდატურა.
“პრეზიდენტი თავად გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას”, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს, პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ალანა გაგლოევამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს 8, ან 9 თებერვალს დაასახელებს.
ამასობაში, ქართული საინფორმაციო საშუალებებით კვლავაც ვრცელდება არაოფიციალური ცნობები შესაძლო კანდიდატურათა შესახებ. უკანასკნელი ინფორმაციით, სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტზე შესაძლოა რუსეთში საქართველოს ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, ან რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასახელოს. ეს უკანასკნელი რუსული კომპანია “სისტემა“–ს ვიცე–პრეზიდენტია.