საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჯგუფი საქართველოში ჩამოვა, რათა ქართველ სამართალდამცავებს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებისა და გორში მომხდარი აფეთქების გამოიძიებაში დახმარება აღმოუჩინონ.
გასულ კვირას მომხდარმა ორმა მოვლენამ – პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებამ და გორში მომხდარმა აფეთქებამ, რომლის დროსაც სამი პოლიციელი გარდაიცვალა და კიდევ 27 ადამიანი დაშავდა – გარკვეული ეჭვები წარმოშვა იმის თაობაზე, რომ ეს ორი შემთხვევა შესაძლოა ერთმანეთთან კავშირში იყოს.
ოფიციალური პირები გამორიცხავენ პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ფაქტს, თუმცა გორის აფეთქებას “მშვიდობის მოწინააღმდეგე ძალების“ მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტის შეფასებას აძლევენ.
რიჩარდ მაილსმა 7 თებერვალს სააგენტო Associated Press -ს განუცხადა, რომ “ჩვენ ვერ ვუკავშირებთ ამ ორ შემთხვევას ერთმანეთს”.
მაილსმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის არაა ცნობილი რაიმე სამხილის თაობაზე, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ იყო.