პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მისი მეგობრის რაულ უსუფოვის, რომელიც სულ მალე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე უნდა გამხდარიყო, გარდაცვალების ფაქტი არა თუ ქართული, არამედ საერთაშორისო და განსაკუთრებით კი, რუსული პრესის მთავარ თემას წარმოადგენს 4 თებერვალს.
ქართულ პრესაში დაწვრილებით არის მოთხრობილი ყველა ის ოფიციალური, თუ არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც 3 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. ზოგიერთ გამოცემაში ზურაბ ჟვანიას უცნაური სიკვდილით გამოწვეული ეჭვების საფუძველზე გაჩენილი კითხვები ისმის, ზოგიერთი გაზეთი კი უკვე ჟვანიას შესაძლო შემცვლელებზე იწყებს საუბარს.
გაზეთ “24 საათის” ცნობით, პრემიერ-მინისტრის დაღუპვის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე აღიძრა, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქართველი სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ამოღებული მასალების ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით აშშ-ს ფედერალურ ბიუროს მიმართავენ.
მანამდე კი ქართული ექსპერტიზის პირველადი ოფიციალური დასკვნებით, პრემიერ-მინისტრისა და რაულ უსუფოვის სიკვდილი ირანულმა გამათბობელმა “ნიკალამ” გამოიწვია, რომლის არასრული წვის შედეგად და ბინაში ვენტილაციის არ არსებობის პირობებში ნახშირჭანგის (CO) მხუთავი აირი დაგროვდა. ბიოქიმიური ექსპერტიზის ასევე პირველადი მონაცემებით პრემიერ-მინისტრის სისხლში 40% კარბოქსიგემოგლობინი აღმოჩნდა, რაც ოფიციალური განმარტებით, 20%-ით აღემატება დასაშვებ ნორმას და სიკვდილს იწვევს. თუმცა ეს პირველადი მონაცემებია, საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, 15 დღეში გახდება ცნობილი.
“მე თავად შემთხვევის ადგილიდან მოვდივარ და შემიძლია ვთქვა, რომ ადგილი ჰქონდა გაზით მოწამვლას”, ამ განცხადებას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი “24 საათის” ცნობით, აკეთებს მაშინ, როცა იმ დროისათვის დაღუპულთა ცხედრებზე ესქპერტიზის გაკეთება დაწყებულიც კი არ იყო.
იმავე “24 საათში” დამოუკიდებელი ექსპერტ-კრიმინალისტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ “არსებობს პრეპარატები, რომლებიც ისეთივე კლინიკურ სიმპტომებს იწვევს, როგორც ნახშირჟანგით მოწამვლა, მაგრამ ამის გამოვლენა საქართველოში არსებული აპარატურით შეუძლებელია”.
ამასთან, მაია ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ უეცარ სიკვდილს იწვევს ნახშირჟანგის დიდი კონცენტრირებით დაგროვება, რაც მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ ფართობშია შესაძლებელი, “სავენტილაციო მილი კი წესით მშენებლობის დროს ყველა სახლს უკეთდება”, დასძენს ექსპერტი და მიუთითებს, რომ ნახშირჟანგის ნელ-ნელა დაგროვება ეტაპობრივ კლინიკურ სიმპტომებს იწვევს.
გაზეთი იმ კითხვებს სვამს, რომელზეც გამოძიებას პასუხის გაცემა მოუწევს: რატომ იყო დაუცველი საქართველოს პრემიერ-მინისტრი? როგორც ცნობილია ტრაგედიის დროს მას თან არ ახლდა დაცვა, რომელიც, ჟვანიას პირად მძღოლთან ერთად, პრემიერ–მინისტრს, ოფიციალური ინფორმაციით, გარეთ ელოდებოდა.
ვის ეკუთვნოდა ბინა, სადაც ტრაგედია მოხდა? არსებული ინფორმაციით რაულ უსუფოვმა ეს ბინა იანვარში იქირავა.
რა მიზნით მოხდა [ჟვანია-უსუფოვის] ღამის შეხვედრა? პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, რომელიც ზურაბ ჟვანიასთან დაახლოებულ პირად ითვლება, რაულ უსუფოვმა მას რამოდენიმე დღით ადრე სთხოვა დახმარებოდა ჟვანიასთან შეხვედრის ორგანიზებაში. “24 საათის“ თქმით, პასუხი უნდა გაეცეს ასევე შეკითხვას ესწრებოდა თუ არა ამ შეხვედრას მესამე პირი?…
ვინ იყო რაულ უსუფოვი?
ტრაგედიამდე, 25 წლის რაულ უსუფოვის გვარი ქართულ პოლიტიურ ცხოვრებაში ხმამაღლა არასოდეს გაჟღერებულა. შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რომელიც პირველი იყო, ვინც ტრაგედიის შესახებ აუწყა საზოგადოებას, პრემიერთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუფოვი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. თუმცა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურა მელიქიშვილი აცხადებს, “ამ დღეებში მას [უსუფოვს] ჩემი მოადგილის თანამდებობა უნდა დაეკავებინა”.
“24 საათის” ინფორმაციით, თელავის მკვიდრი რაულ უსუფოვი ბოლოს სახელმწიფო მინისტრ ზინაიდა ბესტაევას თანაშემწედ მუშაობდა. უსუფოვი ჟვანიას გუნდის აქტიური წევრი 2000 წლიდან ხდება.
გაზეთი მიუთითებს, რომ რაულ უსუფოვის მიერ, რომელიც თბილისში ვარკეთილში ცხოვრობდა, საბურთალოს ქუჩაზე ბინის დაქირავების შესახებ, სადაც პრემიერ-მინისტრისა და უსუფოვის ცხედრები აღმოაჩინეს, უსუფოვის ახლობლებმა არაფერი იცოდნენ.
ვინ იქნება ახალი პრემიერი?
“რეზონანსი“ იტყობინება, რომ მსჯელობები, თუ ვინ შეიძლება გახდეს ახალი პრემიერ–მინისტრი, ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დაიწყო. გაზეთი ასახელებს რამოდენიმე შესაძლო კანდიდატურას: თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს, სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
მიმომხილველთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ამ ეტაპზე გარდამავალი პრემიერი დაინიშნება.
“თუ ამ პოსტზე ოქრუაშვილი დანიშნეს, რაზეც დიდი ხანია მიდის მსჯელობა, ეს ძალიან გამომწვევი იქნება და ამან შესაძლოა სააკაშვილის რეიტინგი დასცეს. ამას კი პრეზიდენტი ძალიან უფრთხის და ამ ნაბიჯს იგი, სავარაუდოდ, არ გადადგამს. პრეზიდენტი უფრო გონივრულად მოიქცევა და ამ ეტაპზე სხვა კანდიდატურას წარადგენს და მხოლოდ შემდეგ გადაიხრება ოქრუაშვილისაკენ”, აცხადებს “რეზონანსთან” საუბარში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
გაზეთის ცნობით, ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი ვარაუდობს, რომ საწყის ეტაპზე ახალი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ჟვანიას დაახლოებილი პირი გახდეს, თუმცა რამდენიმე თვეში ეს პიროვნება აუცილებლად შეიცვლება.
“დარწმუნებული ვარ პრეზიდენტმა ჯერ-ჯერობით არ იცის, ვინ დაასახელოს კანდიდატურად. ყველამ ნახა, რომ იგი შოკირებულია და გასაგებია რატომ. მას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთი-ორი დღე მაინც დასჭირდება”, აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი “რეზონანსთან” საუბარში.
“ასეთი სააკაშვილი არავის ახსოვს“
“რეზონანსი“ აღწერს პრეზიდენტ სააკაშვილის იმ მდგომარეობას, რომელიც ნათლად იკითხებოდა მისი ქცევიდან, როდესაც იგი 3 თებერვალს დილით მთავრობის წინაშე წარსდგა.
“პრეზიდენტი [მთავრობის სხდომათა] დარბაზში შემოდის, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ახერხებს. სააკაშვილი ლამის ხმამაღლა ატირდეს, მერე ბოდიშს იხდის დარბაზს ტოვებს და რამდენიმე წუთის შემდეგ ბრუნდება. თუმცა ცრემლების შეკავება ამის შემდეგაც უჭირს. ასეთი სააკაშვილი არავის ახსოვს…”, იუწყება გაზეთი “რეზონანსი” 4 თებერვალს.
პრეზიდენტი აცხადებს, “მე მინდა, რომ მე მისურვოთ სიმტკიცე.” 3 თებერვლის საღამოს კი სააკაშვილი პრემიერ–მინისტრის მოვალეობებს თავად ითავსებს.
საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან, ან გარდაცვალებიდან 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა დაასახელოს.