პრემიერ–მინისტრის ფუნქციებს სააკაშვილი შეითავსებს







სააკაშვილის თქმით, ჟვანიას სიკვდილი დიდი
დარტყმა იყო საქართველოსთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას თავად უხელმძღვანელებს. მან აღნიშნა, რომ მთავრობა “მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას” და მოუწოდა მას მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.
 
“მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საკუთარ თავზე  ვიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ხელმძღვანელობას. ვაძლევ განკარგულებას მთავრობის წევრებს , რომ დაბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმუშაონ ჩვეულ რიტმში, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, სამართალდამცავი ორგანოების და არმიის ყველა უწყებას შეასრულონ თავიანთი მოვალეობები“, განაცხადა 3 თებერვალს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.


“ძალიან მნიშვნელოვანია წესრიგის და დისციპლინის დაცვა ქვეყენაში. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ არ დავუშვებთ რაიმე სახის დარღვევებს, დისციპლინის დამრღვევი პასუხს აგებს. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ სიტუაციას, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ ვართ ძლიერი ერი და ჩვენ შევძლებთ პრობლემების მოგვარებას”, დასძინა სააკაშვილმა. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება მისი მეგობრის ბინაში 3 თებერვალს გამთენიისას, სავარაუდოდ, CO-ის  დაგროვებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ ხარვეზებით დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა განაპირობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჟვანია, სავარაუდოდ გაზის ზემოქმედების შედეგად მოიწამლა. 


“ჩვენი ინფორმაციით, იგი მივიდა თავის მეგობართან დაახლოებით ღამის 12 საათზე. რადგანაც ზურაბ ჟვანია არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს მობილურზე და კარიც არავინ გააღო დიდი ხნის განმავლობაში, მისმა დაცვამ ფანჯარა დაახლოებით 4:30 გამთენიისას შეამტვრია. მან აღმოაჩინა უკვე დაღუპული ზურაბ ჟვანია და მისი მეგობარი. ეს იყო უბედური შემთხვევა. პრემიერ-მინისტრი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა“, განაცხადა მერაბიშვილმა. 


მისი თქმით, ჟვანია სტუმრად იმყოფებოდა თავის მეგობართან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილესთან რაულ იუსუფოვთან.  


მერაბიშვილის თქმით, ზურაბ ჟვანია სავარძელში იპოვეს მიცვალებული, მისი მეგობარი კი – სამზარეულოში.  


ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსის ლევან სამხარაულის ინფორმაციით, სისხლში კარბოქსიგემოგლობინის შემცველობა 40%-ია, “რაც მხუთავმა აირმა გამოიწვია“.  


წინასწარი ინფორმაციით, უსუფოვის ბინაში არსებული გათბობის სისტემა არასწორად იყო დამონტაჟებული, რამაც გამოიწვია მხუთავი აირის გაჟონვა, რასაც შედეგად ორი ადამიანის დაღუპვა მოყვა.    

“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწვეტა ან სიკვდილი ავტომატურად იწვევს კაბინეტის მთელი შემადგენლობის გადადგომას.

ამავე კანონის თანახმად, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, რომელიც ასევე ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრია, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.


საქართველოს კონსტიტუციის 80-ე მუხლში კი ნათქვამია, “საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მთავრობის წევრების კანდიდატურებს. ამ პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად”.


დღეს მთავრობის საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, დედას და მის სამ შვილს.  ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ იუსუფოვის ოჯახს, რომელიც ასევე დაიღუპა.


“ეს ძალიან დიდი დარტყმაა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და ადამიანისთვის. საქართველომ დაკარგა დიდი პატრიოტი, რომლის მთელი ცხოვრება ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის თავგადაკლულ და უანგარო სამსახურს. მე დავკარგე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, სანდო მრჩეველი და ყველაზე დიდი მოკავშირე”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მე მინდა მოვუწოდო ყველას სიმტკიცისაკენ, გამძლეობისკენ, იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო დიდი სამსახური და მაღალი მოვალეობა, ვიდრე ჩვენი ხალხის და ქვეყნის ერთგული სამსახური. რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, ბოლომდე დავრჩეთ ქვეყნის სამსახურში”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საერთაშორისო რეაქცია


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე მოდის სამძიმრის წერილები სხვადასხვა ქვეყნებიდან.  


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.


საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი აცხადებს, რომ ჟვანია “მამაცი და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო”.


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლეს კომისარის ხავიერ სოლანას განცხადებით, “ზურაბ ჟვანია გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების კონსოლიდაციისა და ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაყენების საქმეში”.


ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. “პრემიერ-მინისტრი ჟვანია მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომელმაც წამყვანი როლი შეასრულა საქართველოს ტრანსფორმაციისა და მისი დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმებისკენ განვითარების პროცესში”, განაცხადა მოდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, სლოვაკეთის ელჩმა იანეშ ლენარჩიჩმა.


“შოკში და დამწუხრებული ვარ ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო”, განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა. “ჟვანიამ, რომელსაც პირადად ვიცნობდი, უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოში რეფორმების განხორციელების საქმეში”, დასძინა მან.


ცხინვალის და სოხუმის რეაქცია


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა ასევე გააკეთეს კომენტარი ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითმა ზურაბ ჟვანიას გადაცვალებასთან მწუხარება გამოხატა და განაცხადა რომ, ჟვანია დიდ როლს ასრულებდა ქართულ–ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანაგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა კი განაცხადა, რომ “ზურაბ ჟვანია იყო საქართველოს ხელისუფლების იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “მშვიდობის პარტია.“


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ასევე გამოთქვა მწუხარება პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ აისახება თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებზე.
 
“ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესი წარიმართება ისე,  როგორც აქამდე. პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება არ აისახება ჩვენ ურთიერთობაზე“, განუცხადა დღეს სააგენტო “რია ნოვოსტის“ სერგეი ბაღაფშმა.

ჟვანიას პოლიტიკური წარსული


ჟვანია, რომელსაც 41 წელი გასულ დეკემბერს შეუსრულდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2004 წლის თებერვლიდან ეკავა. პოლიტიკურ ცხოვრებაში იგი 80-იანი წლების ბოლოს ჩაერთო, როდესაც “მწვანეთა პარტიას“ ჩაუდგა სათავეში. 1992 წელს ძალაუფლებაში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ ზურაბ ჟვანია მისი ერთ-ერთი ახლო მოკავშირე და მაშინდელი მმართველი პარტიის “მოქალაქეთა კავშირის“ წამყვანი ფიგურა გახდა. მოგვიანებით, 1995 წელს ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.
 
90-იანი წლების ბოლოს აშკარა გახდა, რომ ჟვანია შევარდნაძეს პოლიტიკისაგან სულ უფრო შორს იდგა, რაც საბოლოოდ, 2001 წლის ნოემბერში მისი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით დასრულდა. გადადგომიდან სულ მალე მან ახალი პოლიტიკური პარტია “გაერთიანებული დემოკრატები“ ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, პარტიის წევრი გახდა ნინო ბურჯანაძე, რომელიც ჟვანიას გადადგომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
 
ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ახლო პოლიტიკური მოკავშირეები 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდნენ. “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ზურაბ ჟვანია სახელმწიფო მინისტრი გახდა. 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ჟვანია პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშნა. 

Exit mobile version