პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში არ დგას მაგისტრალური გაზსადენის და არც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზის“ პრივატიზების საკითხი.
“გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს (21 იანვარი) თავიდანვე განვაცხადე, რომ საუბარი არ შეეხება გაზსადენის პრივატიზებას. ჩვენ [ხელისუფლება] არ დავუშვებთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ დიდ პროექტებს, მათ შორის შაჰდენიზს, ამით საფრთხე შეექმნას“, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ რადიო “იმედის” პირდაპირ ეთერში.
ქართული მედიის ცნობით, მაგისტრალური გაზსადენის შეძენით რუსული კომპანია “გაზპრომი” არის დაინტერესებული.
ზურაბ ჟვანიას განცხადებით, გაზსადენის პრივატიზებას შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანა ესაჭიროება. კანონი “პრივატიზების შესახებ” პირდაპირ კრძალავს მაგისტრალური გაზსადენების გასხვისებას.
აცხადებს რა ჟვანია, რომ გაზსადენის პრივატიზების საკითხი მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის, არ გამორიცხავს პარლამენტსა და მთავრობას შორის “არგუმენტირებულ დისკუსიას“ იმის თაობაზე, თუ რას უნდა მიენიჭოს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი.
“სტრატეგიული ობიექტი ჩემთვის იყო “თელასი“ და არის “თბილგაზი“, თუმცა გასაკვირია, როცა სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ გაზსადენთან მიმართებაში“, დასძინა ზურაბ ჟვანიამ.
31 იანვარს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “გაზსადენის პრივატიზების, და მით უმეტეს რუსეთისათვის მიყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ”. ამასთან დასძინა, რომ “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შაჰდენიზისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტებს პრობლემა არ შეექმნას”.