ვენეციის კომისიის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

26-28 იანვარს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომელსაც კომისიის მდივანი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებაზე იმსჯელეს.
 
ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, სავსებით მისაღები და მოსაწონია სამხრეთ ოსეთის საკითხის მოსაგვარებლად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი გეგმა, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის ფართო ავტონომიურობას ითვალისწინებს.
 
“არსებობს ჩონჩხი ამ საკითხის მოსაგვარებლად, ახლა მთავარია ხორცშესხმა და ამაში ჩვენ დაგეხმარებით”, განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
 
ვენეციის კომისია კონკრეტულ წინადადებებს მოამზადებს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლებს ამ საკითხებზე მომუშავე სპეციალურ ჯგუფთან, რომელსაც იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი ჩაუდგება სათავეში.
 
“ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება გაზიარებული, შემდგომ კი ხელისუფლება თავად განსჯის, რომელი უფრო მისაღები იქნება ჩვენთვის“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და აქვე დასძინა, რომ საკითხის მოგვარებაში მნიშვნელოვანია “საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის რუსეთის, დახმარება, რაც გავლენას მოახდენს [ცხინვალის]დე ფაქტო ხელისუფლებაზე”.


ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში მომავალი ვიზიტის დროს აპირებს ეწვიოს ცხინვალს. მანამდე კი,  ჯანი ბუკიკიოს თქმით, უნდა მომზადდეს პოლიტიკური საფუძველი მხარეებს შორის კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის დასაწყებად. 

Exit mobile version