სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გააჟღერა, “უპირველეს ყოვლისა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებათა არსებულ ფორმატში უნდა განხილულიყო”, ნათქვამია 27 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“აშკარაა, რომ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, სადაც სიტუაცია გასული წლის ზაფხულში თბილისის მიერ ძალისმიერი მეთოდებით პრობლემის გადაჭრის მცდელობის გამო კიდევ უფრო დაძაბული იყო, გაცილებით ეფექტური და სწორი იქნებოდა ეს შორსმიმავალი წინადადებები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად რეგულირების არსებული მექანიზმების ფარგლებში შემუშავებულიყო”, ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება “არსებულ მექანიზმებში” გულისხმობს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ)ფორმატს, რომელშიც წარმოდგენილია რუსული, ჩრდილოეთ ოსური, სამხრეთ ოსური და ქართული მხარეები. შსკ-ს, როგორც პრობლემის გადაწყვეტის ინსტრუმენტს, საქართველოს მხრიდან უკმაყოფილება არაერთხელ მოჰყოლია.
თბილისი რუსეთის დაჟინებას, რომ შსკ-ს ფორმატი იყოს მოლაპარაკებათა ერთადერთი ადგილი, განიხილავს, როგორც მოსკოვის მცდელობას პროცესზე კონტროლის სადავეები ხელიდან არ გაუშვას და წარმოაჩინოს საქართველო ცხინვალის რეგიონის, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის თანასწორუფლებიან მხარედ.