დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტიე მიიღო, რომლის დროსაც საუბარი შეეხო კონფლიქტების დარეგულირებასა და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მონიტორინგი მისიის ჩანაცვლების საკითხს.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომლის საქართველოში ვიზიტიც 26-28 იანვარს გაგრძელდება, ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას. დაგეგმილია ასევე შეხვედრები საქართველოს პარლამენტშიც.