სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრის მოადგილე მახარ გასიევი, რომელიც 22 იანვარს გაიტაცეს, მოგვიანებით იმავე დღეს გაათავისუფლეს. თუმცა სიტუაცია კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბულია, რადგან ერთი ქართველი პოლიციელი და რამდენიმე ოსი მოქალაქე კონფლიქტის მხარეების ტყვეობაში რჩებიან.
არსებული ინფორმაციით, ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომა ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით 24 იანვარს ცხინვალში გაიმართება, სადაც კონფლიქტის ზონაში შექმნილი დაძაბულობა იქნება განხილული.
საქართველოს ოფიციალურ პირთა განცხადებით, თბილისი “თავშეკავებას“ იჩენს 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი გამოსვლის წინ, სადაც იგი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციას აპირებს.
“ჩვენ ვცდილობთ არ დავძაბოთ სიტუაცია, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის დაგეგმილი გამოსვლის წინ, რომელიც აპირებს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმაზე ისაუბროს“, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 23 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
კონფლიქტის ზონაში კრიზისი, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ორივე მხარის მიერ ორგანიზებულ გატაცებებს, 19 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა პოლიციამ დააპატიმრა ოსი ეროვნების ოლეგ ფუხაევი, რომელიც გასული წლის თებერვალში ქართულ სოფელ თამარაშენში ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ამ დაპატიმრების შემდეგ, 20 იანვარს ორი ქართველი პოლიციელი – გოჩა გვიმრაძე და სოფელ ერედვის პოლიციის უფროსი ლადო ჩალაური გაიტაცეს, სავარაუდოდ, დაპატიმრებული ოლეგ ფუხაევის ნათესავებმა. ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გოჩა გვიმრაძე 20 იანვარს გაათავისუფლეს, თუმცა ერედვის პოლიციის უფროსი კვლავაც ტყვეობაში რჩება.
22 იანვარს ლადო ჩალაურის ნათესავებმა და თანასოფლელებმა 12 ოსი ეროვნების მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრის მოადგილე მახარ გასიევი, რომელიც იმავე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა დანარჩენი 11 ოსი კვლავ ტყვეობაში რჩება.
კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის მეთაური, გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი 23 იანვარს ჩალაურის ნათესავებს და თანასოფლელებს შეხვდა. ისინი ცხინვალის მახლობლად საპროტესტო აქციას მართავენ ჩალაურის დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. შეხვედრაზე კულახმეტოვმა გაახმოვანა ცხინვალის პოზიცია, რომელიც დაკავებული ოსების, მათ შორის ოლეგ ფუხაევის გაცლას ითვალისწინებს ქართველ პოლიციელში.
თუმცა, თბილისი უარს აცხადებს “პოლიციელის კრიმინალში გაცვლაზე “ და სთავაზობს ცხინვალს ერთობლივი გამოძიება აწარმოონ მკვლელობის იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ფუხაევიც მონაწილეობდა.
“ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს, წარმომადგენლების მონაწილეობას გამოძიების პროცესში. ჩვენი ინტერესია ვაწარმოოთ გამჭვირვალე გამოძიება “, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ვოლსკიმ 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
22 იანვარს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში მძევლების აყვანის ფაქტებს კომენტარი გაუკეთა და განაცხადა, რომ საქართველომ კონფლიქტის ზონაში “თავიდან უნდა აიცილოს პროვოკაცია”. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ეფექტურობის საკითხი.
“საქართველოს არაფერში არ სჭირდება არეულობა და მდგომარეობის გართულება … მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიმინალებზე გაცვლა სრულიად წარმოუდგენელია”, განაცხადა 22 იანვარს პრეზიდენტმა.
“მინდა კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების როლზეც ვისაუბრო. [ქართველი] მძევლები რუსი სამშვიდობოების თვალწინ აიყვანეს. მიჩნდება კითხვა: რუსი სამშვიდობოები განლაგებულნი არიან იქ სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით თუ დესტაბილიზაციის შესაქმნელად?”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭო 22 იანვარს შეიკრიბა იმ “მოქნილი წინადადებების” განსახილველად, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამ სამშვიდობო გეგმებს მიხეილ სააკაშვილი პირველად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 26 იანვარს გააცნობს.
როგორც ჩანს, ევროპის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტი სააკაშვილი ძირითადად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მოახდენს ფოკუსირებას, ხოლო აფხაზეთთან მიმართებაში, როგორც მან აღნიშნა, “მხოლოდ ცალკეულ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას“.
თბილისი მძევლების აყვანასთან დაკავშირებულ კრიზისში თავშეკავების მომხრეა
