რუსეთის საგარეო უწყება ქართულ და ოსურ მხარეებს გატაცებების აღკვეთისაკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს უარი თქვან მძევლების აყვანის პრაქტიკაზე, რომელსაც “შეუძლია გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, გაუთვალისწინებელი შედეგები და კონფლიქტის ესკალაცია”.


22 იანვარს 12 ოსი მოქალაქე, მათ შორის ცხინვალის ხელისუფლების საგანგებო საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მოადგილე მახარ გასიევი გაიტაცეს. ამას წინ უძღვოდა  20 იანვარს კონფლიქტის ზონის სოფელ ერედვის პოლიციის უფროსის ლადო ჩალაურის დაპატიმრება, რომელიც ამ დრომდე ცხინვალის ტყვეობაში რჩება. 


ქართული მხარის ინფორმაციით, შსს-ს აქტიური ჩარევით მახარ გასიევი 22 იანვარს გაათავისუფლეს, თუმცა 11 ოსი მოქალაქე კვლავ მძევლობაში რჩება.


“ბოლო დღეებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავება პროვოცირებულია მათ მიერ, ვინც ეწინააღმდეგება ბოლო დროს [თბილისსა და ცხინვალს შორის] ურთიერთობების შესამჩნევ ნორმალიზებას”, ნათქვამია 22 იანვარს რუსეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება აუცილებლად მიიჩნევს მხარეთა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას და დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ერთმანეთისათვის გადაცემას; გატაცებული უდანაშაულო ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; კონფლიქტის ზონაში სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებების თბილისთან და ცხინვალთან და ასევე შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობასთან შეთანხმებას.

Exit mobile version