თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა მინისტრის მოადგილე მახარ გასიევი, რამოდენიმე ოს მოქალაქესთან ერთად ცხინვალის მახლობლად უცნობმა პირებმა 22 იანვარს გაიტაცეს. ამ უკანასკნელმა ინციდენტმა კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, რომელიც 20 იანვარს ოსების მიერ ორი ქართველი პოლიციელის გატაცებამ წარმოშვა.
მძევლების აყვანის ბოლო ინციდენტის შესახებ დეტალები უცნობია. ასევე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება გატაცებული ოსების რაოდენობის შესახებაც. ქართული მედიის ცნობით, 12 ოსი მოქალაქეა გატაცებული. არადა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი იტყობინება, რომ მხოლოდ 4 ადამიანია გატაცებული, რომელთა შორისაა საგანგებო დავალებათა დე ფაქტო მინისტრის მოადგილე მახარ გასიევი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა ამ გატაცების უკან იმ ქართველი პოლიციელის ახლობლები იდგნენ, რომელიც ამ დრომდე ცხინვალის ტყვეობაში რჩება. ქართულ მხარეს ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ვერ მიაღწიეს წარმატებას სოფელ ერედვის პოლიციის უფროსის ლადო ჩალაურის გათავისუფლების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებებში.
სოფელ ერედვის პოლიციის უფროსი ლადო ჩალაური ოსებმა კიდევ ერთ პოლიციელთან გოჩა გვიმრაძესთან ერთად 20 იანვარს გაიტაცეს. მოლაპარაკებების შედეგად გოჩა გვიმრაძე 20 იანვარს გაათავისუფლეს, თუმცა ერედვის პოლიციის უფროსი კვლავაც ტყვეობაში რჩება.
ოსური მხარე გატაცებულ ქართველ პოლიციელს ლადო ჩალაურს იმ შემთხვევაში გამოუშვებს, თუ ქართული მხარე 19 იანვარს დაპატიმრებულ ოლეგ ფუხაევს გაათავისუფლებს, რომელსაც გასული წლის თებერვალში ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. თუმცა ქართული მხარე უარს აცხადებს პოლიციელის კრიმინალზე გაცვლაზე.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტის 22 იანვრის განცხადებაში ოსური მხარე გატაცების ფაქტს აფასებს, როგორც საომარი მოქმედებების დაწყების პროვოცირებას და საქართველოს მიერ საერთაშორისო პრინციპებისა და “კავკასიური ეთიკის” იგნორირებას.
უკანასკნელ პერიოდში მძევლების აყვანის ფაქტები წინ უსწრებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეისადმის მიმართვას. 26 იანვარს სტრასბურგში სააკაშვილი აპირებს გაახმოვანოს თბილისის წინადადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
მძევლების აყვანით სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა
