თბილისში მყოფი რუსული კომპანია “გაზპრომის“ დელეგაცია დღეს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკურ საკითხებში კახა ბენდუქიძეს შეხვდა. “გაზპრომის“ დელეგაცია საქართველოში დაწყებული საპრივატიზაციო პროცესით არის დაინტერესებული, მათ შორის მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით.
“ჩვენ ინტერესებში შედის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება, ეს ხომ “გაზპრომია“ და ამით ვართ დაინტერესებული“ განაცხადა კახა ბენდუქიძესთან შეხვედრის შემდეგ “გაზპრომის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გარახალინსკიმ.
მან არ დააკონკრეტა დამატებით, თუ რა ობიექტების შესყიდვით არის დაინტერესებული კომპანია და განაცხადა, რომ ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება.
შეხვედრის დაწყებამდე მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზებასთან დაკავშირებით კომენტარი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ გააკეთა და განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ კი განაცხადა, რომ ეს “რთული საკითხია“ და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების შესახებ გადაწვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
“სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ქონების ნუსხაში, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, ასევე წერია “გაზის მაგისტრალური მილსადენი”.