“ჭიათურმანგანუმის” მეპატრონე რუსულ-ქართულ-ავსტრიული ჯგუფი ხდება

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ რუსული კომპანია “ევრაზჰოლდინგისა” და ქართულ-ავსტრიული კომპანია “DMC ფეროს” ერთობლივი შეთავაზების შედეგად ამ ჯგუფმა მოიპოვა “ჭიათურმანგანუმისა” და ვარციხე ჰესების კასკადის საპრივატიზაციო პაკეტის შეძენის უფლება. ამ ერთობლივმა წინადადებამ მესამე კონკურენტი კომპანია უკრაინული “ინტერპაიპი” თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

შედეგად, “ჭიათურმანგანუმი” და ვარციხის ჰიდროელექტროსადგური 132 მლნ აშშ დოლარად გაიყიდება.


“ამ ფასს გამარჯვებული ჯგუფი, რომელიც დაძაბული კონკურენციის შედეგად გამოვლინდა, საკუთრების გადაცემის შემდეგ გადაიხდის”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

გარიგების სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


თავდაპირველად, სამივე ამ კომპანიამ დამოუკიდებლად წარადგინეს თავიანთი წინადადებები, თუმცა მოგვიანებით “ევრაზია ჰონდინგმა” და “DMC ფერომ” საქართველოს მთვარობისადმი ხელახალი ერთობლივი განაცხადით მიმართვა გადაწყვიტა.


პრივატიზაციის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი. “ჩვენ ვტოვებთ მოლაპარაკებებს, რადგან არ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, რომელიც წესების გარეშე მიმდინარეობს,” განუცხადა ჟურანალისტებს კომპანია “ინტერპაიპის” წარმომადგენელმა იგორ იაროსლავცევმა.

კომპანიის წარმომადგენლები პრეტენზიების დაკონკრეტებას 19 იანვარს თბილისში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებენ.

Exit mobile version