საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 17 იანვარს უარყო ინფორმაცია, რომ ქართულ მხარეს აკრძალული აქვს საჭიროების შემთხვევაში ამერიკელი ინსტრუქტორების გაწვრთნილი ქართული ჯარის გამოყენება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთსა ან აფხაზეთში. თუმცა, ზურაბიშვილმა დასძინა, რომ საქართველო ამ ძალებს კონფლიქტების მოსაგვარებლად არ გამოიყენებს.
საქართველოში რუსეთის საელჩომ 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” დასაწყისში მოსკოვი დაარწმუნეს “ამერიკულმა და ქართულმა მხარეებმა, რომ ამ პროგრამით გაწვრთნილი სამხედრო ძალები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტებთან მიმართებაში არ იქნებოდა გამოყენებული”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “ამერიკასთან პროგრამები არის ჩვენი ორმხრივი პროგრამები და იქ არ არის არავითარი შეზღუდვა, თუ როგორ და სად უნდა იყოს გამოყენებული ეს ძალები. ჩვენ არ ვაპირებთ ძალის გამოყენებას არც სამხრეთ ოსეთში და არც აფხაზეთში, მაგრამ ეს არის ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება და რუსეთი არ უნდა ჩაერიოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში ამერიკასთან”.