სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

22 იანვარს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში მძევლების აყვანის ფაქტებს კომენტარი გაუკეთა და განაცხადა, რომ საქართველომ “თავიდან უნდა აიცილოს პროვოკაცია” კონფლიქტის ზონაში. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ეფექტურობის საკითხი.


“საქართველოს არაფერში არ სჭირდება არეულობა და მდგომარეობის გართულება, თუმცა ამავდროულად ვერ დავუშვებთ შანტაჟს. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიმინალებზე გაცვლა სრულიად წარმოუდგენელია”, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა.


ოსური მხარე აცხადებს, რომ 20 იანვარს გატაცებულ ქართველ პოლიციელს ლადო ჩალაურს იმ შემთხვევაში გამოუშვებს, თუ ქართული მხარე 19 იანვარს დაპატიმრებულ ოლეგ ფუხაევს გაათავისუფლებს, რომელსაც გასული წლის თებერვალში ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. 


პრეზიდენტი მკაცრად აყენებს კონფლიქტის ზონებში (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) რუსი სამშვიდობოების ეფექტურობის საკითხს. 


“მძევლები რუსი სამშვიდობოების თვალწინ აიყვანეს. მიჩნდება კითხვა: რუსი სამშვიდობოები განლაგებულნი არიან იქ სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით თუ დესტაბილიზაციის შესაქმნელად?”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


მისი განცხადებით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა იმ “მოქნილი წინადადებების” განსახილველად, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამ სამშვიდობო გეგმებს მიხეილ სააკაშვილი პირველად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 26 იანვარს გააცნობს.


“საქართველოს სურს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება ყველა მოქალაქის ინტერესის სრული დაცვით, რისთვისაც არსებობს მოქნილი წინადადებები ოსებისთვის და აფხაზებისთვის. იმედი გვაქვს, რომ რუსეთიც კონსტრუქციულად ჩაერთვება ამ პროცესში“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

Exit mobile version