საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ [საქართველოში] პოსტრევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს ალიბი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისა და ადამიანის უფლებების და დემოკრატის სტანდარტების უგულველყოფისათვის, 17 იანვარს აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულება საქართველოს გადასაწყვეტია.
“დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც საქართველოს არასდროს ჰქონია. ის, რომ გვაძლევენ რეკომენდაციებს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ეს კარგია, მაგრამ მათი შესრულება ჩვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და აქ ხალხი წყვეტს, თუ როგორ უნდა იმართოს ქვეყანა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა უარყოფითად შეაფასა და “ღრმად პროვინციალები” უწოდა იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც ევროპის საბჭოს მონიტორინიგს კომიტეტის რეზოლუციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში ჩამოთვლილია საქართველოში არსებული ნაკლოვანი მხარეები: “ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემა პრეზიდენტის საკმაოდ ძლიერი უფლებამოსილებით, საპარლამენტო ოპოზიციის არ არსებობა, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლო სისტემა, რომელიც არ არის საკმარისად დამოუკიდებელი, არასაკმარისად განვითარებული ან საერთოდ არარსებული ადგილობრივი დემოკრატია, თვითცენზურიანი მედია და აჭარის ავტონომიის არაადექვატური მოდელი“.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას იანვრის ბოლოს განიხილავს.