რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 13 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში ვიზიტს თებერვალში გეგმავს.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებისა და რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 იანვარს გამოაქვეყნა მოხსენება დსთ-ის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც მან საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკა გააკრიტიკა, მათ შორის ჩარჩო ხელშეკრულების კუთხითაც.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მუშაობა ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე ჩიხში შევიდა, რადგანაც ქართული მხარე შეუვალი აღმოჩნდა და “წინააღმდეგობები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების თაობაზე კვლავ არსებობს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენების თანახმად, “საქართველო უარს აცხადებს შეიტანოს ხელშეკრულებაში დებულება, რომელიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ძალის განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე და მათთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის შეთავაზებას.“ ამ დებულების გარეშე ხელშეკრულება “ვერ უპასუხებს ორივე მხარის ინტერესებს“.
12 იანვარს რუსულ გაზეთ “ნეზავისიმაია გაზეტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო ჩარჩო ხელშეკრულებას 2005 წლის ბოლოსთვის მოაწერენ ხელს.
“ამჟამად ვმუშაობთ ჩარჩო ხელშეკრულებაზე. თებერვალში თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს ველოდებით. ვფიქრობ, შევძლებთ ამ ხელშეკრულების პარაფირებას. იმედი მაქვს, რომ ამ ხელშეკრულებას წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მოვაწერ ხელს. ჩემი დიდი ხნის სურვილია, რომ ის [ვლადიმერ პუტინი] საქართველოში ჩამოვიდეს. ის ყოველთვის სასურველი სტუმარია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.