რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა გამოაქვეყნა მოხსენება დსთ-ის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც მან საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკა გააკრიტიკა, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან “ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია ქართული მხარის პოზიციის გამო.
კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველომ “ვერ შეძლო გაექარწყლებინა რუსეთის შეშფოთება პანკისის ხეობაში ჩეჩენი ტერორისტების არსებობასთან დაკავშირებით, ასევე თბილისში მასხადოვის [ჩეჩნეთის მეამბოხე პრეზიდენტი] მიმდევარი სტრუქტურების საქმიანობასა და მათი ლიდერების მიერ ადგილობრივი მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით“. მოხსენების მიხედვით, რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში პოზიტივი 2004 წლის ზაფხულისთვის შეწყდა, “როცა აშკარა გახდა სხვაობა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური განცხადებებსა და მისი პრაქტიკულ ნაბიჯებს შორის რუსეთთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებთან დაკავშირებით“.
ლოშჩინინის თქმით, მუშაობა ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე ჩიხში შევიდა, რადგანაც ქართული მხარე შეუვალი აღმოჩნდა და “წინააღმდეგობები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების თაობაზე კვლავ არსებობს“. მისი თქმით, “საქართველო უარს აცხადებს შეიტანოს ხელშეკრულებაში დებულება, რომელშიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ძალის განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე და მათთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის შეთავაზებას.“ ამ დებულების გარეშე ხელშეკრულება “ვერ უპასუხებს ორივე მხარის ინტერესებს“.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ “აჭარის ავტონომიის პრაქტიკულად გაუქმება“, სამხედრო ზეწოლა სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთის მახლობლად საზღვაო აკვატორიაში სამხედრო ძალის გამოყენება თბილისის აგრესიული პოლიტიკის დამადასტურებელია.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული საკონტროლო კომისია კონფლიქტის მოგვარების “ერთადერთი ქმედითუნარიანი მექანიზმია“ , რომელმაც საკუთარი “ეფექტურობა 2004 წელს დაადასტურა“. “ჩვენ [დიალოგის]სხვა ფორმატის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ“, ნათქვამია მოხსენებაში.