ბაღაფში მომავალ პრემიერ-მინისტრს ასახელებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა, რომელმაც ცსკ-ოს მონაცემებით 12 იანვრის არჩევნებში ხმათა 90%-ზე მეტი მოიპოვა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურა დაასახელა, იუწყება 13 იანვარს სააგენტო “ინტერფაქსი”.


ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა “პროფესიონალებით” დაკომპლექტდება. “კაბინეტის ფორმირებას ეროვნული თანხმობის ნიშნით ვაპირებ”, დასძენს ბაღაფში.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ალექსანდრე ანქვაბი სერგეი ბაღაფშის ახლო მოკავშირე და პოლიტიკური პარტია “აიტარას” ლიდერია.


ანქვაბი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას 2004 წლის 3 ოქტომბრის არჩევნებზე გეგმავდა; თუმცა მას შემდეგ, რაც მას ცსკ-ომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ანქვაბმა არჩევნებზე მხარი სერგეი ბაღაფშს დაუჭირა. ანქვაბი ცნობილია კრიტიკული დამოკიდებულებით მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბასა და მისი გარემოცვის მიმართ.


13 იანვარს სააგენტო “რეგნუმთან” ინტერვიუში ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტია “აიტარა” კიდევ უფრო გაძლიერდება.


“დღის წესრიგში დგას დიდი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა… ეს პარტია შემოიკრებს აფხაზეთში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოძრაობებს”, აცხადებს ანქვაბი.

Exit mobile version