რუსული სააგენტოები: აფხაზეთში არჩევნები ჩატარებულად ითვლება

რუსული სააგენტოები იტყობინებიან, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53%–მა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარებულად შეიძლება გამოცხადდეს.


რუსული საინფორმაციო სააშუალებები ამ ინფორმაციას აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.


მას შემდეგ, რაც აფხაზეთში საარჩევნო უბნები დაიხურა, ცსკ–ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ბოლო განცხადება ცსკ–ოს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ დაახლოებით 16:00 საათისთვის გააკეთა და განაცხადა, რომ იმ დროისთვის ამომრჩეველთა აქტიურობამ 40% მიაღწია.


როგორც რუსული სააგენტოები იტყობინებიან, პირველი ოფიციალური შედეგები 13 იანვრის დილას გახდება ცნობილი.


პრეზიდენტობაზე კენჭს სერგეი ბაღაფშთან ერთად, სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობაც იყრის, თუმცა მას წარმატების ნაკლები შანსები აქვს.


ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ყოფილი მეტოქე რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებს გაუწევს კურირებას.

Exit mobile version