საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” ცნობით, რუსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა, რომელიც აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება, 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გალის რაიონში მრავალი დარღვევა დაფიქსირდა.
თუმცა, მან დასძინა, რომ “არსებობს ყველა წინაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისთვის”.
სერგეი ბაბურინმა, რომელიც დაესწრო არჩევნების მსვლელობას გალის რაიონში, დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის სამთავრობო დაცვის შენაერთებმა ალყა შემოარტყეს გალში საარჩევნო უბნებს და ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.
ბაბურინმა ასევე აღნიშნა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ან პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ უნდა განმარტონ ამ ინციდენტის მიზეზები.