გალში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება

რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით, გალში  აფხაზეთის სამთავრობო დაცვის შენაერთებმა ალყა შემოარტყეს საარჩევნო უბნებს და ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.


გალის რაიონი ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, რომლებიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ სპონტანურად დაბრუნდნენ აფხაზეთში.


“იტარ-ტასი“ გალის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის იური კვეკვესკირის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ “აფხაზეთის სამთავრობო დაცვის შენაერთებმა ადგილობრივი მოსახლეობას პასპორტები ადგილობრივი ადმინისტრაციის დაუკითხავად შეუმოწმა”. ამ ფაქტის შესახებ ქართული მედიაც იტყობინებოდა.


თუმცა, აფხაზეთის სამთავრობო დაცვის უფროსმა კოჩუბეი ჩკოკმა უარყო ეს ინფორმაცია. “მე არ გამიცია ამგვარი ბრძანება“, აცხადებს “იტარ-ტასი“ კოჩუბეი ჩკოკის სიტყვებზე დაყრდნობით. 


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ ასევე განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი “ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“.


“ცალკეული ინფორმაციით, აქ [გალის რაიონში] რაღაც პრობლემებს ჰქონდა ადგილი, თითქოს რამდენიმე ამომრჩეველი არ შეუშვეს საარჩევნო უბანზე. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ არჩევნები ნორმალურ ატმოსფეროში მიმდინარეობს“, აცხადებს რუსული ტელეკომპანია НТВ ხაშბას სიტყვებზე დაყრდნობით.


 

Exit mobile version