რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერი სერგეი ბაბურინი 11 იანვარს სოხუმში რუს დეპუტატთა დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, რათა დააკვირდეს არაღიარებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში 12 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
“ინტერფაქსის” ცნობით, ბაბურინმა აფხაზ ამომრჩეველთა მისამართით განაცხადა, რომ დიდი იქნება მათი “წვლილი აფხაზეთის [დამოუკიდებლობის] საერთაშორისო აღიარების” საქმეში. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის სათათბირო “აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში ასოცირებული წევრობის საკითხს სავარაუდოდ 2005 წლისთვის განიხილავს”.
“რუსეთის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ 12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებული იქნება და საბოლოოდ დაასრულებს კრიზისს აფხაზეთში”, განაცხადა ბაბურინმა.
ამასთან, სათათბიროს ვიცე-სპიკერის თქმით, “რუსეთი გაცილებით ეფექტურად ითანამშრომლებს აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელობასთან, ვიდრე მის წინამორბედთან და ასევე დადგება საკითხი, რომ აფხაზეთი, რომელმაც აჩვენა თავისი სამხრედრო და სამოქალაქო შესაძლებლობები, უკვე იმსახურებს [მისი სახელმწიფოებრიობის] საერთაშორისო აღიარებას”.
თვითგამოცხადებულ აფხაზეთის არჩევნებზე რუსეთის მიერ სადამკვირვებლო მისიის მივლინება, რომელსაც სერგეი ბაბურინი ხელმძღვანელობს, თბილისმა უკვე გააპროტესტა.