სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რეგიონალური რკინიგზის საკითხებს განიხილავენ

საქართველოში ვიზიტის დროს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავს. 


10 იანვარს მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციებიც შეუერთდებიან.


გასულ ნოემბერს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ერთობლივი რუსულ-ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული კომპანიის შექმნა შესთავაზა, რომელიც იმუშავებს ტრანსკავკასიის რკინიგზის აღდგენაზე, რომლის ფუნქციონირებაც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შემდეგ შეწყდა.


რკინიგზა, რომელიც საბჭოთა პერიოდში 2,300 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, შავი ზღვის პორტებს ცენტრალურ რუსეთს უკავშირებდა, ახორციელებდა მგზავრებისა და 15 მილიონ ტონაზე მეტი სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირებას, იუწყება რუსული ინგლისურენოვანი გაზეთი “მოსქოუ თაიმსი“.


“ეს არ არის მარტივი საკითხი, ვგულისხმობ, რომ ჩვენს წინაშე მხოლოდ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები არ დგას. ეს მნიშვნელოვანი და რთული პოლიტიკური საკითხია“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.


გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას მხოლოდ დევნილთა დაბრუნების პარალელურად უჭრდა მხარს. 


საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, თავისი პოლიტიკას შეარბილებს, თუმცა თბილისის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.


“თუ ქართველი მებაჟეები საქართველო-რუსეთის საზღვარზე [აფხაზეთის მონაკვეთზე] განლაგდებიან, მაშინ რკინიგზის აღდგენაში პრობლემას ვერ ვხედავ“, განუცხადა კახა ბენდუქიძემ, სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, ჟურნალისტებს 9 იანვარს.  

Exit mobile version