ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოზე იმსჯელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას იანვრის ბოლოს განიხილავს.


რეზოლუციის წინასწარ ვერსიაში, რომელიც ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა გასულ წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ “საქართველოს ხელისუფლება  პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გზას კვლავაც მტკიცედ ადგას“. თუმცა საქართველოს მთავრობას რეკომენდაცია ეძლევა “დააჩქაროს რეფორმების განხორციელება ევროპის საბჭოს სტანდარტების და პრინციპების შესაბამისად“.


ამასთან, “პოსტ-რევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს ალიბი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისა და ადამიანის უფლებების და დემოკრატის სტანდარტების უგულველყოფისათვის“, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.


რეზოლუციის პროექტში ჩამოთვლილია საქართველოში არსებული ნაკლოვანი მხარეები: “ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემა პრეზიდენტის საკმაოდ ძლიერი უფლებამოსილებით, საპარლამენტო ოპოზიციის არ არსებობა, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლო სისტემა, რომელიც არ არის საკმარისად დამოუკიდებელი, არასაკმარისად განვითარებული ან საერთოდ არარსებული ადგილობრივი დემოკრატია, თვითცენზურიანი მედია და აჭარის ავტონომიის არაადექვატური მოდელი“.


საქართველოს მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია შექმნას ისეთი სისტემა, სადაც ხელისუფლების დანაწილებისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპი ეფექტურად იმუშავებს.


ამ მიზნით, “ასამბლეა სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს 2004 წლის თებერვალში მიღებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს და ამავე დროს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის ძლიერ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ასევე უნდა დაიწიოს  7%-იანი საარჩევნო ბარიერი, რათა პლურალისტური და რეალურად წარმომადგენლობითი პარლამენტის ასარჩევად პირობები შეიქმნას“, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.


საქართველოს პარლამენტის დელეგაცია 23 იანვარს სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში და აღნიშნული რეზოლუციის პროექტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

Exit mobile version