საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 5 იანვარს ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას.
დეკლარაციაში, რომელსაც დასავლეთ უკრაინის სამთო კურორტ ტისოვეცში მოეწერა ხელი, ნათქვამია, რომ ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა “აჩვენა მსოფლიოს, რომ თავისუფლება და დემოკრატია, ხალხის ნება და თავისუფალი არჩევნები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სახელმწიფო მანქანა“.
ორივე ლიდერმა უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ “მშვიდობიანი, დემოკრატიული რევოლუცია შესაძლოა ხელოვნურად იქნას გამოწვეული, გარე ძალების ჩარევით“.
“ჩვენი ქვეყნები განაგრძობენ წინსვლას დემოკრატიული ევროპის მშენებლობისა და მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისკენ“, ნათქვამია დეკლარაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 31 დეკემბერს გაემგზავრა.