ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან
შინაგანი ჯარის დაახლოებით 60 ჯარისკაცის მიერ 20 დეკემბრის გვიან ღამით პროტესტის ნიშნად მუხროვანის სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობისთვის დიდი დარტყმა იყო. ამ ჯარისკაცებმა 20 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისთან სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ეს ინციდენტი ხდება მაშინ, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯარის მშენებლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტია.
ხელისუფლება მუხროვანის სამხედრო ნაწილში სოციალური პრობლემების არსებობას უარყოფს და მინიშნებებს აკეთებს, რომ მომხდარი შესაძლოა “მესამე ძალის“ მიერ ორგანიზებული “პროვოკაცია“ იყოს.
21 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისის სამხედრო ომბუდსმენმა ირაკლი სესიაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. მან ხელისუფლება და ომბუდსმენის ოფისი მომხდარის “არაადექვატურ“ შეფასებაში დაადანაშაულა. “სივილ ჯორჯია“ ირაკლი სესიაშვილს იმავე დღეს ესაუბრა, რათა მომხდართან დაკავშირებით მისეული შეფასებები მოესმინა.
ირაკლი სესიაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც “იმ არაპრივილეგირებულ“ სამხედრო ნაწილებში არსებობს, სადაც ათასობით ჯარისკაცი მსახურობს. მისი თქმით, გაუსაძლისი პირობებია იმ ნაწილებშიც, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არის განთავსებული.
რა მოხდა 20 დეკემბერს მუხროვანში? რატომ დატოვეს ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილი?
მუხროვანის დღევანდელი ფაქტი არ არის პირველი, მუხროვანში მდგომარეობა გართულდა უფრო ადრე რამდენიმე თვის წინ, დღეს კი კულმინაციას მიაღწია. ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ნაწილიდან 40 ჯარისკაცი გამოიქცა, მაგრამ საზოგადეობისთვის რომ არ გამხდარიყო ცნობილი, ეს ადამაინები დააბრუნეს და მათი მოთხოვნებიც დააკმაყოფილეს.
ამის შემდეგ დანარჩენებმაც გააპროტესტეს ცუდი პირობები და წამოვიდნენ ნაწილიდან. მაგრამ, ჩემი აზრით, სოციალური პირობების გარდა სამხედრო ნაწილში პრობლემაა ასევე ოფიცრებსა და ჯარისკაცებს შორის ურთიერთობები.
რა პრობლემა?
კონკრეტულად არ ვიცი, რადგან ამაზე ჯარისკაცები უკვე აღარ თუ ვეღარ საუბრობენ. ჩემ თვალწინ ჯარისკაცმა იტირა, რომ ყველაფერზე წავალ ოღონდ იქ არ დამაბრუნოთო. დარწმუნებული ვარ, თუ ამ ფაქტის შემდეგ არ გაკეთდება სერიოზული ანალიზი ჯარისკაცების გაქცევის გამომწვევი მიზეზების შესახებ, შესაძლოა კიდევ შეიქმნას სერიოზული საშიშროება.
ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა მუხროვანში?
ხელმძღვანელობა. მოხდა ფაქტი, არ აქვს მნიშვნელობა რატომ და ვინ მოაწყო, ეს გამოძიებამ შემდგომში უნდა დაადგინოს, დამნაშავე მაინც ხელმძღვანელობაა. ბრიგადის მეთაური უნდა განთავისუფლდეს, საყვედური გამოეცხადოს ან დაქვეითდეს.
სამწუხაროდ მე არ ვარ გამომძიებელი, რომ უშუალოდ დავადგინო დამნაშავე. ამიტომაც ავტეხე ასეთი ამბავი. გამოძიება აუცილებლად უნდა გავიდეს მაღალი ეშელონების თანამდებობის პირებზე.
თანამდებობის დატოვებამდე ამის თაობაზე შესაბამის უწყებებს მივმართე, მაგრამ მათგან არაადექვატური რეაქცია მივიღე. მათ ჯოხი გადატეხეს ყველაზე სუსტებზე – რიგით ჯარისკაცებზე.
ამას გარდა, ხელისუფლება ალაპარაკდა მესამე ძალაზე და პროვოკაციაზე. ესეც მათი სირცხვილია. ჯარში, სადღაც მუხროვანში, სადაც სოციალური პრობლემებია, თურმე ე.წ. “მესამე ძალაც“ მუშაობს 18 წლის ბიჭებთან.
ეს არის მოგონილი. სამწუხაროდ ხელისუფლებამ აირჩია პოზიცია – დამნაშავეა ყველა, ჩვენს გარდა, ჩვენ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ. მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ? აბრალებენ “მესამე ძალას“ და ჯოხს ყველაზე დაბალი ფენაზე – რიგით ჯარისკაცებზე ტეხენ.
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ამ ფაქტის გამო, დარწმუნებული ვარ, [თავდაცვის] მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. მინიმუმ ბრიგადის მეთაურის, თუნდაც იგივე გოგი თათუხაშვილის [შინაგანი ჯარების მეთაური] პასუხისმგებლობის საკითხი მაინც უნდა დამდგარიყო, მაგრამ პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილია ეს ადამიანი და [პრეზიდენტი] არ თვლის, რომ რიგითი ჯარისკაცის გამო უნდა დაისაჯოს გენერალი.
ჩემდა სამწუხაროდ მაღალჩინოსნები თავს აარიდებენ პასუხისმგებლობას, სამაგიეროდ დაისჯება უმცროსი ოფიცერი, ასეულის მეთაური, რომელსაც თავის თავზე ააღებინებენ ორგანიზატორობას, ისინი ხომ ამის ოსტატები არიან.
ირაკლი ოქრუაშვილს პრინციპულ ადამიანად მივიჩნევ და მეგონა, რომ მას უფრო ადექვატური რეაქცია ექნებოდა, მეგონა, რომ დაისჯეობოდა ის პიროვნება, ვინც ამ ინციდენტის საფუძველი შექმნა. მაგრამ იგი [ოქრუაშვილი] ან მოატყუეს, ან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს ან ვერ გაბედა მაღალჩინოსნების გაწირვა.
დამნაშავეს ვიხილავთ, მაგრამ არა კორუფციის და შექმნილი მდგომარეობის გამო, არამედ ამ კონკრეტული ფაქტის გამო, ვგულისხმობ სამხედრო ნაწილის მიტოვებას. ვთვლი, რომ პრეზიდენტმა მინიმუმ მკაცრი შეფასება უნდა მისცეს ამ ფაქტს, მოითხოვოს ყველა სამხედრო ნაწილში ინსპექტირების ჩატარება და პასუხი მოსთხოვოს მინისტრს. [22 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პირადად შეამოწმოს ყველა სამხედრო ნაწილი საქართველოში]
რეალურად რა პირობებში არიან ჯარისკაცები მუხროვანის ბრიგადაში?
ამ ჯარისკაცებს ორი თვის განმავლობაში დაუბანლობის გამო მკბენარები შეესიათ. არ ჰქონდათ გათბობა, საკმარისი საკვები პროდუქტები, ორ თვეში მხოლოდ რამდენიმეჯერ მიიღეს ხორცი და თევზი. ამ ყველაფერმა თავი აცივებასთან ერთად იჩინა.
მუხროვანის სამხედრო ნაწილი ხომ ახლახანს გაარემონტეს. თავად პრეზიდენტი ესწრებოდა გარემონტებული ნაწილის გახსნას სექტემბერში.
რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, რემონტი მართლაც გაკეთებულია, მაგრამ მარტო გათეთრებული კედლები საკმარისი არ არის. იმ გარემონტებულ შენობაში წყალი და გათბობაა საჭირო, არადა ცივი წყალიც კი გრაფიკით მიეწოდებათ. გათბობის აპარატურა დამონტაჟებულია, მაგრამ არ არის მის ასამუშავებლად საჭირო საწვავი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ფული, რაც საწვავისთვის არის გამოყოფილი, ვიღაცის ჯიბეში ილექება.
სინამდვილეში ჯარი გაცილებით კარგად მარაგდება დღეს, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა ხშირად ვერ აღწევს ჯარისკაცამდე.
არც ერთი ჯარისკაცი სადაც მე ვყოფილვარ არ ან ვერ ამბობს, რომ ჭირს საკვები და ტანსაცმელი, მაგრამ რატომღაც ისევ ძველი ტანისამოსი აცვია.
ასეთი ვითარება ბევრ სამხედრო ნაწილშია?
რა თქმა უნდა. მე მაქვს ინფორმცია, რომ მსგავსი მღელვარებები სხვა სამხედრო ნაწილებშიც არის.
ავიღოთ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა, სადაც ქართველი სამშვიდობოები დგანან და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ადგილობრივ მოსახლეობას. არც იქ არის უკეთესი მდგომარეობა.
მე თვითონ ვიყავი ცხინვალის რეგიონში. მეგონა, რომ იქ ნორმალური ვითარება დამხვდებოდა, თუმდაც იმიტომ, რომ გასაგები მიზეზების გამო ეს რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის.
მაგრამ იქ განთავსებულ ჯარისკაცებს არ აქვთ თბილი ტანსაცმელი, იქაც არის ჰიგიენის დაცვის პრობლემა. ბატალონის ხელმძღვანელმა მოძრავი აბანო მოითხოვა, მაგრამ ეს რატომღაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამას გარდა ჯარისკაცები სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებიან, მარტივი მიზეზის გამო – არ არის შუქი.
ვაზიანის სამხედრო ბრიგადაში, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია, წყლის პრობლემა ჯერაც ვერ მოგვარდა.
რატომ აქამდე არ ითქვა ხმამაღლა ის, რაც ხდება სამხედრო ნაწილებში?
კონფლიქტის ზონაში ნანახის შესახებ წერილობით მივმართე თავდაცვის მინისტრს, მაშინ მინისტრიგიორგი ბარამიძე იყო , მაგრამ ….
რატომ არ ხდება რეაგირება?
ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ქვეყანამ ერთი წლის მანძილზე თავდაცვის სამი მინისტრი გამოიცვალა. თითოეულს თავიანთი კადრები მოჰყავთ, რომლებიც სისტემაში გარკვევასაც კი ვერ ასწრებენ.
ამას გარდა, სამივე მინისტრმა სამსახურეობრივი ჯიპების, ოფისების რემონტის კეთებას მოანდომა დიდი დრო, როდესაც ერთი ჯიპის საფასურად ერთი ბრიგადის საწვავით მომარაგება შეიძლება.
გაიხსენეთ მიხეილ სააკაშვილი, როცა ჯერ კიდევ პარლამენტარი იყო, რას აცხადებდა: ორი ჯიპი როგორ ჰყავს დავით თევზაძესო [თავდაცვის მინისტრი ექს–პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში]. რამდენი ჯიპი გამოიცვალა სამმა ახალმა მინისტრმა? სანამ ჯიპებზე იფიქრებენ, არაფერი შეიცვლება.
გამოდის, რომ სამინისტროში პროფესიონალი კადრების დეფიციტია ?
კადრების პრობლემა ნამდვილად არის. წავიდა ყოფილი მინისტრი ბარამიძე და მოვიდა ოქრუაშვილი თავისი კადრებით, იციან კი მათ საერთოდ სამხედრო საქმე? რა გამოცდილება აქვთ? ვფიქრობ, ძალიან მწირი. უნდა ველოდოთ როდის გაერკვევიან საქმის ვითარებაში.
თავდაპირველად გელა ბეჟუაშვილი მოვიდა თავდაცვის სამინისტროში და თავისი მმართველობის სისტემა დაამკვიდრა, შემდეგ გიორგი ბარამიძემ თავისებურად დაალაგა სამინისტრო, ახლადდანიშნულმა ირაკლი ოქრუაშვილმა კი კადრების დიდი ნაწილი სახლში გაუშვა.
საერთო ჯამში როგორ შეაფასებდით ბოლო ერთი წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას?
ბევრ ცუდთან ერთად თავდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი რამ სასიკეთოც გაკეთდა, მაგალითად შესყიდვები დარეგულირდა. კორუფციული გარიგებების მასშტაბები წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. ჯარი იმაზე უკეთ მარაგდება, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ ყველაფერს შენარჩუნება და მუდმივი კონტროლი უნდა.
რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად?
პირველ რიგში, კეთილი ინებონ და ადგილებზე გაეცნონ ვითარებას. სამხედრო ხელმძღვანელობამ, როცა ეს საზოგადოებას აღელვებს, ყველაფერი უნდა გააკეთოს პრობლემების მოგვარებისთვის.
მეორეც, საზოგადოება ყოველთვის უნდა იყოს სადარაჯოზე. მე დავბრუნდი ჩემს ორგანიზაციაში [“სამართალი და თავისუფლება“ – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამხედროთა უფლებების დაცვაზე მუშაობს], სადანაც კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვები ამ პრობლემებზე მუშაობაში.
ასევე აუცილებელია მაღალი ეშელონების კორუმპირებული ჩინოვნიკებისაგან სისტემის გაწმენდა და სწორი სამხედრო მმართველობის ჩამოყალიბება, რათა გენერალურ შტაბისა და სამინისტროს ფუნქციები, რომელიც ერთმანეთშია აღრეული, საბოლოოდ გაიმიჯნოს. უმთავრესი კი ის არის, რომ ქართულ ჯარში პრიორიტეტი უბრალო ჯარისკაცი გახდეს.