ეკონომიკის ახალი მინისტრი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ეკონომიკის ახლი მინისტრი ლექსო ალექსიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამ თანამდებობაზე კახა ბენდუქიძე შეცვალა, 18 დეკემბერს გაზეთ “24 საათთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი გააგრძელებს მისი წინამორბედის ლიბერალურ-ეკონომიკური პოლიტიკის კურსს, რათა “მინიმუმამდე დავიდეს სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში”.


ალექსიშვილი გეგმავს პრივატიზაციის პროცესის ბოლომდე მიყვანას, სახელმწიფო ქონების მართვის გამართული სქემის ჩამოყალიბებას და დერეგულაციას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.


“ეკონომიკის დერეგულაცია გულისხმობს ლიცენზიებთან, ნებართვებთან, სერტიფიცირებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული პროცედურების მაქსიმალურად გამარტივებას, რათა ეკონომიკის სტრატეგიულ მიმართულებებში ბიზნესის შეღწევას ბარიერები არ შეექმნას”, აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.


“სახელმწიფომ უნდა იცოდეს როგორ მართოს თავისი ქონება, მაგალითად ის, თუ რას ვუპირებთ მომავალში ფოთის პორტს ან სხვა მსხვილ ობიექტებს, უნდა განისაზღვროს მათი ფლობის ფორმა”, აცხადებს ალექსიშვილი.


მისი თქმით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს პრივატიზაციის პროცესი. “არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ სჯობს გაიყიდოს უპირობოდ, მაგრამ მაღალ ფასად, ვიდრე  – იაფად და პირობებით”, აცხადებს ახლადდანიშნული მინისტრი და დასძენს, რომ ორ კვირაში სამინისტროს ექნება “კონკრეტულად გაწერილი მომავალი აქტივობების და ფინანსური შემოსავლების სქემა, რომელსაც პრივატიზაციიდან მივიღებთ”.


2005 წლის ბიუჯეტის პროექტით პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლები 85 მლნ ლარს შეადგენს.


ალექსიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავება, “ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ რეკომენდაციებს ავიღებთ, როგორც უპირობო ფორმულას”, აცხადებს ალექსიშვილი.


ეკონომიკის მინისტრობამდე ლექსო ალექსიშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, მანამდე იგი ზურაბ ჟვანიას თანაშემწედ მუშაობდა, როცა ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო უფრო ადრე არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას” ხელმძღვანელობდა.

Exit mobile version